ყავის მოხმარება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ქვეყნების მიხედვით მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ყავას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მისი სმის დიდი ხნის კულტურა არსებობს.

Cafely-ის მონაცემების მიხედვით, ყავის მოხმარების კუთხით მსოფლიოში ლუქსემბურგი ლიდერობს. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი დღეში საშუალოდ 5.31 ფინჯან ყავას სვამს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია. ამ სტატისტიკაზე გავლენას ახდენს ისიც, რომ ლუქსემბურგში დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი იქ ყოველდღიურად ჩადის მეზობელი ქვეყნებიდან, ხოლო მათ მიერ მოხმარებული ყავა ლუქსემბურგის მონაცემებში აისახება.

მეორე და მესამე ადგილებზე ფინეთი და შვედეთია, შესაბამისად, 3.77 და 2.59 ფინჯანი ყავით. შვედეთის მაჩვენებელთან ახლოსაა ნორვეგიის მონაცემი, სადაც დღეში ერთი ადამიანი საშუალოდ 2.57 ფინჯან ყავას სვამს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ყავის სმის ძლიერი და დიდი ხნის კულტურა არსებობს.

ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ბრაზილია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებენ. მაგალითად, აშშ-ში ერთი ადამიანი საშუალოდ დღეში 1.22 ჭიქა ყავას სვამს, რაც მას რეიტინგში 24-ე ადგილზე აყენებს. იაპონიაში საშუალოდ დღეში ერთ ფინჯანზე ოდნავ ნაკლებ ყავას მოიხმარენ. ბრაზილიაში კი, მსოფლიოში ყავის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში, დღეში საშუალოდ 1.58 ჭიქა ყავას სვამენ. ამ შედეგით ის სიაში მე-18 ადგილზეა.

ყავის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინდოეთშია – ერთ ადამიანზე მხოლოდ 0.02 ფინჯანი დღეში. ეს დაახლოებით ერთი ჭიქაა ყოველ შვიდ კვირაში. დაბალი მაჩვენებლით გამორჩევა ასევე რამდენიმე აფრიკული და სამხრეთ აზიის ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანი დღეში 0.3 ჭიქაზე ნაკლებ ყავას სვამს.

წყარო: forbes.ge