ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს პროტესტის მონაწილეთა დაჯარიმების პრაქტიკასა და მის სამართლებრივ და კონსტიტუციურ პრობლემებზე. ჩარგეიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს დემონსტრანტების 5000 ლარით დაჯარიმება, ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდში, 1984 წლის საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს ეყრდნობა და შინაარსობრივად ჩამორჩენილია თანამედროვეობას.
"დღეს, 1984 წლის კანონით აჯარიმებენ გულანთებულ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც კონსტიტუციურ პროტესტს გამოხატავენ იმ ვექტორთან დაკავშირებით, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაცხადდა. ის რეპრესიული მექანიზმი, რომელიც დღეს მოქმედებს, არის სწორედ ეს კანონი", - განაცხადა ჩარგეიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კოდექსით განსაზღვრული სანქციები, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ძირითადად არ ფლობენ შემოსავალს და მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ცხოვრობენ, წარმოადგენს არა მხოლოდ არათანასწორად გადანაწილებულ ტვირთს, არამედ სიცოცხლის უფლებასაც კი არღვევს.
„სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი და მშობლების დახმარებით ცხოვრობენ, ასეთ პირობებში არსებობის უფლება ეზღუდებათ“, — ამბობს ჩარგეიშვილი და ამატებს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებაა.
სპეციალისტი პრობლემას სამართლებრივ დონეზეც ხედავს. მისი თქმით, ადმინისტრაციული კოდექსი სამართლებრივად ამოუხსნელია და თავად საპროცესო ჩარჩოებიც ბუნდოვანია.
“ვერცერთი სამართლის სპეციალისტი ან დარგის წარმომადგენელი ზუსტად ვერ ახსნის, რომელ ჩარჩოში ჯდება ის საპროცესო მოქმედებები, რომელსაც ახლა სასამართლოები განიხილავენ”, — აღნიშნავს ჩარგეიშვილი.
გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესზეც, როგორ ხდება პირების იდენტიფიცირება და შემდგომ ჯარიმების გამოწერა. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სერიოზული კითხვები ჩნდება.
“როდესაც გამოავლენენ ვიღაც პირს, შესაბამისად ხდება ჯარიმის გამოწერა და გადაგზავნა მისთვის ან სასამართლოსთვის, რომ სასამართლომ დაიბაროს პირი, რათა ეს ჯარიმა, როგორც დადგენილი ფაქტი გადასცეს...
პირობითად, თუ ჯარიმა მოქალაქეს ჩაბარდა, უნდა გამოცხადდეს სასამართლოში, მაგრამ თუ არის გარემოება, რომელიც გადაავადებს გამოცხადების ვადას, როგორიცაა ოჯახური პირობები, ჯანმრთელობა და ა.შ. შესაძლებელია სასამართლოს მიმართოთ და გარკვეული ვადით გადაავადოთ სასამართლოში გამოცხადება. ხოლო სასამართლოში მისვლის შემდეგ, მნიშვნელოვანია რა მტკიცების ტვირთი გვაქვს”, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.
მისივე ცნობით, არსებული სასამართლო და საადვოკატო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოქალაქე საკუთარი უფლების რეალიზებას ვერ შეძლებს.
“ზოგადად სასამართლოს გადაწყვეტილებები რაც არის, სანამ საბოლოო ინსტანციით არ იქნება მიღებული და დადასტურებული, ძალაში არ შედის ან თავს იკავებენ, რომ წინასწარ ძალაში შევიდეს. მაგრამ ამ კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქვე - სასამართლო დარბაზშივე შედის ძალაში. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება დადგენილების სახით გამოდის და ეს დადგენილება უნდა აღსრულდეს. ანუ აღსრულება კოდექსის ფარგლებს გარეთ გადის.
ამის საპირისპიროდ, მაქვს შემთხვევები, როცა ხულიგნობის ფაქტი იყო ან ნასვამი მძღოლი და ა.შ. ამ შემთხვევებში მიღებულ ჯარიმებს რიგის მოლოდინში პრაქტიკულად არავინ არ აგზავნის სააღსრულებო სამსახურში და მიახლოებით 1 წლის განმავლობაში ვიდრე ვადა არ გაუვა, დევს სასამართლოში. თუმცა ამ ადამიანებს, ვინც დაჯარიმებული იქნა აქციებზე, არც კი არიან სასამართლო დარბაზიდან გამოსულები, რომ უკვე გადაგზავნილია სააღსრულებლოში”, - განმარტავს ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი.
აღსანიშნავია, რომ თუ 5 წლის განმავლობაში ვერ მოხდება ჯარიმის აღსრულება, ის ავტომატურად ჩამოიწერება. ასევე, არსებობს შუალედური ვადები - მაგალითად, თუ 6 თვის განმავლობაში სასამართლო განხილვა არ შედგა, საქმე შესაძლოა აღარ დაექვემდებაროს განხილვას.
წყარო: bm.ge