„სემეკის“ გადაწყვეტილებით, მზის ელექტროსადგურებისთვის დადგმული სიმძლავრის 500 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-მდე შემცირება იგეგმება. მათივე განმარტებით, ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-იანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს რეგულაცია მზის ელექტროსადგურებისთვის შეღავათების შეჩერებას არ გულისხმობს და „სემეკი“ ახალ საშეღავათო მოდელზე უკვე მუშაობს.
„ყველაფერს თავისი ზღვარი გააჩნია, სიმძლავრეებს მუდმივად ვერ განავითარებ, შესაბამისად, დაწესებულია ლიმიტი, რათა ქსელი იმაზე მეტად არ გადაიტვირთოს, ამ დადგმულმა სადგურებმა პრობლემები რომ შექმნან. შესაბამისად, პირველი კომპონენტი, რატომაც ეს შეზღუდვა წესდება ქსელის კომპონენტია.
ზუსტად არავის დაუთვლია და არ ვიცით, ქსელს რა შესაძლებლობები აქვს, თუმცა, ეს ზღვარი, რომელიც „სემეკმა“ განსაზღვრა, 14%-ზე მიღწეული, რაც ჯამურად დაახლოებით 140 მგვტ .სთ სიმძლავრეა „ენერგო პროს“ ქსელში, ანუ 140 მგვტ.სთ-ს მიაღწიეს ამ სადგურებმა.
მეორე საკითხი ისაა, რომ შესაძლოა, სადგურების ეს ტიპი ისე განვითარდეს, რომ ტარიფზე ზეწოლა წარმოიქმნას. დღეს თუ ძალიან მცირე ზეწოლაა ტარიფზე, სამომავლოდ ეს შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ უფრო საგრძნობი გახდეს. ნეტო აღრიცხვაში ჩართული სადგურები ისინი სისტემის, ანუ ქსელის მომსახურების საფასურს არ იხდიან, ასევე გაქვითვის მოდელით სარგებლობენ- შეუძლიათ ზაფხულში გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთარში გაქვითონ.
ეს რეგულაცია არ ნიშნავს, რომ შეღავათები შეჩერდა ან სამუდამოდ შეჩერდა.
„სემეკი“ მუშაობს, რათა ახალ მოდელზე გადავიდეს და განვითარება გაგრძელდეს“,- ამბობს დარჯანია.
დარჯანია ადასტურებს, რომ ახალი რეგულაციები მწვანე ენერგეტიკაში ჩადებულ ინვესტიციებს შეამცირებს. მისი თქმით, დადგმული სიმძლავრის 100 კვტ.სთ-მდე შემცირება საწარმოებს დაახლოებით 1000 ლარიან დანაზოგს აძლევთ, რაც მზის ენერგიაზე გადასვლის სურვილს დიდად არ წაახალისებს.
„რაც შეეხება იმ საკითხს, შეამცირებს თუ არა ეს რეგულაცია მოთხოვნას. მოთხოვნა იქნება, თუმცა მიწოდება ვეღარ იქნება ბაზარზე, რადგან 500 კვტ.სთ- 100-მდე შემცირება, ბევრ საწარმოს სურვილს დაუკარგავს რომ მზის ელექტროსადგური მოიხმაროს.
100 კილოვატი თვეში დაახლოებით 3000 ლარის დანაზოგს იძლევა, ამის გამო თავს დიდად არ შეიწუხებენ. 500-კილოვატიანს როცა აყენებდნენ, 15000 ლარამდე ჰქონდათ დანაზოგი და უკვე უღირდათ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბევრი კომპანიისთვის საინტერესო აღარ იყოს. მოთხოვნას შეამცირებს, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ტენდენცია მაინც შენარჩუნდება და 100-კილოვატიანების დამონტაჟებას გააგრძელებს ხალხი. თუმცა, ალბათ, ესეც მივა იმ ეტაპამდე, რომ ვიტყვით: უი, ბევრი გვქონია და მოდი, რამე სხვა მოვიფიქროთ.
ამიტომაც, 100 კვტ.სთ დაწევა გამოსავალი არ არის, გამოსავალია, უფრო გრძელვადიანი და საინტერესო მოდელი, რომელიც ტარიფზე ნაკლებ ზეწოლას მოახდენს, ქსელში ინტეგრირებას შეძლებს და სწორედ ამ კუთხით გაგრძელდება მზის ენერგიის განვითარება“,- აღნიშნა საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ.