ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებს მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა. სასტუმროები ჯავშნების მასიურად გაუქმების პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სეზონს ზარალით დაასრულებენ, თუ ვითარება არ დასტაბილურდება.
,,კომერსანტი’’ ამჯერად მესტიაში მდებარე სასტუმრო “სანთაუერის” მენეჯერს ესაუბრა. თამარ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ამ სეზონის წინ კარგი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ჯავშნების მიღება სასტუმროში ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყეს. მაღალი იყო მოთხოვნა ევროპული ქვეყნებიდან, თუმცა ამ ეტაპზე ჯავშნების 30% უკვე გაუქმებულია. სასტუმროში განმარტავენ, რომ ცდილობენ დამსვენებლები დაარწმუნონ, რომ საქართველოში ვიზიტი უსაფრთხოა, თუმცა ისინი ბოლო მომენტში ჯავშნებს მაინც აუქმებენ. აქედან გამომდინარე სასტუმრო “სანთაუერში” მოლოდინი აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს დაკარგავენ.
,,მოლოდინები საკმაოდ მაღალი იყო. მოთხოვნაც მაღალი იყო. შარშანდელთან შედარებით ძალიან ადრე, დაახლოებით ზაფხულში დაიწყო ზამთრის პერიოდზე მოთხოვნების გამოგზავნა. თუმცა, დაახლოებით 2 კვირაა უქმდება ჯავშნები. ნახევარი მაინც გაუქმებულია. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ძირითადი მოთხოვნა ევროპიდან მოდიოდა და ევროპელების მიდგომა სიფრთხილესთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, ასე რომ აუქმებენ. ამ ეტაპზე იანვარი თებერვლის ჯავშნების 30% გაუქმებულია. კიდევ არის მოლაპარაკებები, რომ იქნებ როგორმე ავუხსნათ, რომ არ არის საშიში ჩამოსვლა. სავარაუდოდ დაემატება და გაიზრდება ეს % კიდევ. მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი გააუქმებს ჯავშანს. საზღვარგარეთ ვისთანაც გვაქვს უშუალო კონტაქტი, კომპანიის წარმომადგენელთან ისინიც ცდილობენ, რომ ხალხს მიეწოდოს ინფორმაცია, მაგრამ თავს იკავებს უმეტესობა.’’- აცხადებს თამარ ბუცხრიკიძე.
სასტუმრო “სანთაუერის” მენეჯერი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ უცხოელი დამსვენებლები ჯავშნების გაუქმების მიზეზად სწორედ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებენ. თამარ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სასტუმროს ამ ეტაპზე 50 ათას ლარიანი ზარალი აქვს, თუმცა მოლოდინია, რომ დანაკლისი კიდევ გაიზრდება.
,,საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებენ მიზეზად. დაახლოებით 50 ათასის ჯავშნები გაუქმდა, რაც უნდა დადასტურებულიყო და ბოლო წამს შეიკავეს თავი. საქართველოში ადგილობრივი ტურისტების მხრიდან დაინტერესება დიდი არ არის. ალბათ, მოთხოვნის დაახლოებით 10 %-ია ქართველი. რეალურად წელს იყო ის სიტუაცია, რომ პირველად თავდაჯერებულად ველოდებოდით სეზონს იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო. სასტუმროების წარმომადგენლები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სწორად გავრცელდეს ინფორმაცია პარტნიორებთან, თუმცა რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხედავს და რა თქმა უნდა თავს იკავებენ. იმედია, რომ დროულად დასტაბილურდება სიტუაცია და კიდევ უარეს ზარალში არ წავა ყველა. არა მარტო ჩვენი რეგიონი. საქართველო ტურიზმზე დგას. გინდა არ გინდა აისახება მიმდინარე მოვლენები.’’- აცხადებს თამარ ბუცხრიკიძე.