„რუსეთში ჩვენი წილი რჩება მცირე. რისკის შემცველი ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენთვის რუსეთი არასდროს იქნება ტოპ-3 ღვინის ბაზარს შორის“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Schuchmann Wines Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში, კონკრეტულად უკრაინაში, მიმდინარე მოვლენებმა და შექმნილმა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა Schuchmann-ის ღვინის იმპორტი გააძვირა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ  Schuchmann Wines Georgia-ს ზრდა არ აქვს. თუმცა, ამ პირობებში კომპანია არსებულ ბაზრებს ინარჩუნებს, რუსეთში კი კომპანიის წილი მცირე რჩება.

„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ზრდა არ ფიქსირდება. ამის მიზეზი მიმდინარე მოვლენები გახდა, რამაც ლიჯისტიკურმა პრობლემები გამოიწვია და საერთაშორისო ვაჭრობა გაართულა. ამ ყველაფერმა ჩვენი მომხმარებლებისთვის ღვინის იმპორტის გააძვირა. ეს პრობლემატური საკითხია. თუმცა, ვინარჩუნებთ არსებულ ბაზრებს და კლიენტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ტოპ 3 ძირითადი ბაზარი, ესენია: აზიის მიმართულება, აშშ და დანარჩენი ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. რასაკვირველია რჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ყაზახეთი და უკრაინა პატარა წილით, რადგან იქაც აღდგა ვაჭრობა და გაჩნდა მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, რუსეთში ჩვენი წილი რჩება მცირე. რისკის შემცველი ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენთვის რუსეთი არასდროს იქნება ტოპ-3 ღვინის ბაზარს შორის,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

ნუცა აბრამიშვილის თქმით, საქართველომ და ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ისარგებლეს, მაგრამ ეს დროებითი, ერთჯერადი პროცესია და Schuchmann Wines Georgia-სთვის რუსეთის ბაზარი სარისკო პოზიციიდან არ ჩამოქვეითებულა, მათი წილი რუსეთში კვლავ მინიმალურია.

„სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე სხვადასხვა შეზღუდვები და სანქციები დაწესდა რუსეთის მიმართ. ამ სიტუაციაში ისარგებლა საქართველომ და გაიზარდა ვაჭრობა. მაგრამ რუსეთთან გადარიცხვებში კვლავ პრობლემებია. Schuchmann Wines Georgia-სთვის რუსეთის ბაზარი სარისკო პოზიციიდან არ ჩამოქვეითებულა და ჩვენი წილი რუსეთში კვლავ მინიმალურია“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

მისი თქმით, დარგმა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა გააგრძელოს და ახალ ბაზრებზე გავიდეს.

„დივერსიფიკაცია გასაგრძელებელია და აქ ბევრი ალტერნატიული მიმართულება არსებობს. მაგალითად - აზიის, კონკრეტულად ინდოეთის მიმართულებით. მე პირადად, დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი გაკეთდება იმისათვის, რომ ინდოეთის ბაზარზე შევიდეთ, მაგრამ ეს საშუალო და გრძელვადიანი პროცესია“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან  ღვინის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. ქართული ღვინისთვის ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია. რუსეთში 69.1 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 5.1 მლნ დოლარის ღვინო კი ჩინეთში გაიყიდა.