საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამშენებლო ინდუსტრიას, თუმცა აღნიშნულ სექტორში უწყვეტ წინსვლასთან ერთად, იკვეთება უამრავი პრობლემაც, რაც, ძირითადად, მშენებლობის ხარისხთან და შესაბამისად, უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ რეაგირებას და პრობლემის უმოკლეს პერიოდში გადაწყვეტას მოითხოვს. ბუნებრივია, მდგრადი სამშენებლო ინდუსტრიის არსებობას დიდწილად ხარისხიანი სამშენებლო მასალები განაპირობებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ცემენტი.
საქართველოს ცემენტის ასოციაციის (GCA) პრეზიდენტის, პოლ როძიანკოს თქმით, ჯერ კიდევ 2016 წელს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ და კავკაზცემენტ/ჯორჯიან ბილდინგ გრუფმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ქართულ ბაზარზე კონკურენტი პროდუქციის შესაბამისი მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს, რომ ბევრი ასეთი პროდუქტი, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდა ხარისხის კატეგორია, სინამდვილეში არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. ცხადი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მომხმარებლების მოტყუებას. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მყიდველს დაბალი ხარისხის ცემენტში ზედმეტად მაღალ ფასს ახდევინებდნენ. ეს იყო დეფექტური და ჩამოფასებული პროდუქტები, რომლის საშუალებითაც უხეშად ცდილობდნენ კეთილსინდისიერი და ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლებისთვის ბაზრის წილის წართმევას და ამავდროულად, მოტყუებითი გზით მოგების მიღებას.
შედეგად, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და კავკაზცემენტ/ჯორჯიან ბილდინგ გრუფ შეთანხმდნენ, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლველად შეექმნათ საქართველოს ცემენტის ასოციაცია, რომლის მთავარი ამოცანა იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი დასკვნების წარმოდგენა.
- ბატონო პოლ, რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა ბაზარზე ასოციაციის შექმნის დღიდან დღემდე, რა შედეგი გვაქვს დღეს და როგორ მოახერხა ასოციაციამ მის მიერ დასახული მთავარი ამოცანის შესრულება?
პოლ როძიანკო: დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში ცემენტის გარეშე მდგრადი სამშენებლო ინდუსტრია ვერ იარსებებს. იგივე ეხება ბეტონს და მისგან წარმოებულ პროდუქციას. საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის ცემენტისა და ბეტონის წარმოება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამრეწველო სექტორის განვითარებაში, წარმოქმნის აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებს. ეს კი აუცილებელია ქვეყნის უწყვეტი ეკონომიკური და სოციალური წარმატებისთვის.
როგორც უკვე აღინიშნა, სამშენებლო ინდუსტრიაში სახეზეა სერიოზული პრობლემები, რაც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. პირველ რიგში, აქ გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ფაქტორი - სამშენებლო მასალები წარმოადგენს საქართველოს კეთილდღეობის, სოციალური სტაბილურობისა და ცხოვრების ხარისხის ქვაკუთხედს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გამოყენებული უსაფრთხო სამშენებლო მასალები და ტექნიკა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის - ცემენტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ცემენტის ასოციაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ გვქონდა ამოცანა, ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნები ყოფილიყო აღიარებული როგორც ობიექტური და სამართლიანი, გადავწყვიტეთ, ცემენტის ხარისხი შეგვემოწმებინა “ფარული ტესტირებით“.
მოგეხსენებათ, საქართველოს ქვევრის ღვინის დაყენების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და საერთაშორისო კონკურსებშიც მრავალი ღვინის კომპანია მონაწილეობს. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება „ფარული დეგუსტაციის“ მეთოდით. აღიარებული ექსპერტები აგემოვნებენ სასმელს ისე, რომ არ იციან, რომელ კონკრეტულ ღვინოს მიირთმევენ.
ანალოგიური მეთოდის დანერგვა გადავწყვიტეთ ცემენტის შემთხვევაშიც. ამ მიზნით, საქართველოს ცემენტის ასოციაციამ დაიქირავა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილი კომპანია „საქესპერტიზა“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დილერებისგან და ბაზრებიდან ცემენტის 25-30 ტომრის ანონიმურად შესყიდვას ახორციელებს. შემდეგ დანომრილ 5 კგ-იან სანიმუშო შეკვრას ლაბორატორიული შემოწმებისთვის ამზადებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორია იღებს და ამოწმებს დანომრილ ნიმუშებს ისე, რომ მათთვის არაა ცნობილი, თუ რომელი კომპანია რომელ ნიმუშს წარმოადგენს. მიღებულ შედეგებს საქართველოს ცემენტის ასოციაცია რეალური მწარმოებლის მონაცემებს ადარებს. ამ გზით ხდება შედეგების მიუკერძოებლობის მიღწევა.
- რა სურათი მოგვცა მსგავსი სახის შემოწმებებმა? რა შედეგებზე გავიდა ასოციაცია საბოლოო ჯამში?
- ბოლო ექვსი (6) წლის განმავლობაში საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ამ გზით ცემენტის 421 ნიმუში გამოსცადა. შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ შემოწმებული პროდუქტების 62% არ შეესაბამებოდა სტანდარტებს (გაცხადებული ხარისხის 90-99%), ხოლო 25% კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლით აღმოჩნდა (15 მპა-ზე ნაკლები).
სურათი 1
ბოლო შემოწმებისას, ნიმუშების 59%-მა ტომარაზე მითითებული ხარისხი სრულად დააკმაყოფილა (100%) ან გადააჭარბა კიდეც (157%-მდე!). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ტესტირების პირველ რაუნდში მხოლოდ 15% აკმაყოფილებდა 100%-იან ბარიერს. სამწლიანი ტესტირების პირველი ორი წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ სამშენებლო სეზონის პიკში იზრდებოდა დაბალხარისხიანი პროდუქციის რაოდენობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, პიკის სეზონზე ნაკლები დეფექტური პროდუქტი იყო წარმოდგენილი და მეტი ცემენტის ნიმუში მოვიდა შესაბამისობაში მითითებულ სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია დადებით მიმართულებას იძენს, ის ფაქტი, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაციის დღემდე მიღწეული საუკეთესო შედეგი მხოლოდ 59%-ს წარმოადგენს, მიუთითებს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
- გარდა ხარისხის შეუსაბამობისა, კიდევ რა პრობლემების წინაშე დგას ქართული სამშენებლო ბაზარი? არსებობს თუ არა ცემენტის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის პრობლემაც?
- ცემენტზე მოთხოვნა საქართველოში 2016 წელს 2,1 მლნ ტონიდან 2022 წელს 3,1 მლნ ტონამდე გაიზარდა, ანუ დაფიქსირდა მოთხოვნის 50%-იანი ზრდა. ამჟამინდელი წლიური მოთხოვნა, დაახლოებით, 800კგ-ია ერთ სულ მოსახლეზე, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისა, სადაც ის ერთ ადამიანზე, დაახლოებით, 400 კგ-ს შეადგენს. ამის მიზეზია მზარდი მოთხოვნა, როგორც საცხოვრებელ, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ბუნებრივია, მოხმარების ასეთი მაღალი დონე დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
საქართველოს გზების მშენებლობის მასშტაბური პროგრამა არის ყოვლისმომცველი და კარგად ცნობილი. საქართველოს პოტენციალი ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტრო პროექტებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სუფთა ენერგიას, ასევე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ყველა ეს პროექტი მოითხოვს ბეტონის დიდ რაოდენობას. მიწოდების ჯაჭვი კი მაქსიმალურად გაზრდის პროდუქციის შიდა მიწოდების ჯაჭვის გამოყენებას. მთავრობის აქტიური ჩართულობა ინვერსტორების მოძიების მიზნით და ამ პროექტების რეალურად განხორციელება განსაზღვრავს სამშენებლო მასალების ასეთი მაღალი მოთხოვნის ხანგრძლივობას. ადვილი მისახვედრია, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებაზე.
- გარდა ინვესტიციებისა, რა არის საჭირო ასეთი შედეგების მისაღწევად?
- პასუხი მარტივია: უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამშენებლო მასალების მიწოდება ადეკვატურია წარმოქმნილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ძირითადი უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია კლინკერი და ინერტული მასალები.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს მთლიანმა მოთხოვნამ ცემენტზე 3,1 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 2,0 მილიონი ტონა ცემენტი ადგილობრივი კლინკერით იქნა წარმოებული. ასევე შემოვიდა, დაახლოებით, 130 000 ტონა თურქული და 9 000 ტონა აზერბაიჯანული ცემენტი.
- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მიღწეული შედეგების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი? რამდენადაც ცნობილია, გარკვეულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით დგამს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოც. რამდენად თანამშრომლობთ აღნიშნულ უწყებასთან და რა იგეგმება უახლოეს მომავალში?
როგორც აღინიშნა საქართველოს ცემენტის ასოციაციის მე-13 ტესტირების რაუნდის თანმხლებ ანგარიშში, ხარისხიანი ცემენტის ნიმუშების 47% იყო წარმოებული აზერბაიჯანული კლინკერისგან, ხოლო დეფექტიანი ნიმუშების 92% ასევე იყენებდა აზერბაიჯანულ კლინკერს. ჩვენი დასკვნა არის ის, რომ ცუდი ცემენტის წარმოებას არანაირი გამართლება არ აქვს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიზანი იყო ასეთი დარღვევების გამოვლენა და ამას მივაღწიეთ. ახლა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.
2020 წლიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები გვთხოვენ, რომ მივაწოდოთ ყველა ჩვენი დასკვნა, მათ შორის კომპანიების დასახელებები. თავდაპირველად, ისინი თვალყურს ადევნებდნენ ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ამჟამად ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ გადაწყვიტა, გაზარდოს ცემენტის ხარისხის მონიტორინგის ფარგლები და მალე დაიწყებს დამატებით 22,5 კლასის ცემენტის კონტროლს. საქართველოს ცემენტის ასოციაცია მიესალმება მათი მხრიდან გაზრდილ ინტერესს და გააგრძელებს სააგენტოს მხარდაჭერას შესაძლებლობების ფარგლებში.
- საქართველოს ცემენტის ასოციაციას ჰყავს ახალი წევრი...
- დიახ, მრავალი წლის შემდეგ, საქართველოს ცემენტის ასოციაციაციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მის შემადგენლობაში ოფიციალურად მიიღო ახალი წევრი - შპს „ჯერმან ცემენტი“. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტი შემოწმდა ჩვენივე წესდების შესაბამისად. ამ ეტაპზე საქართველოს ცემენტის ასოციაციის სამი ოფიციალური წევრი აწარმოებს დაახლოებით, 2,4 მილიონ ტონა ცემენტს, რაც საქართველოს ბაზრის, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს.
- და მაინც... საქართველოში დღემდე გრძელდება უხარისხო სამშენებლო მასალების წარმოება. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თქვენ ცდილობთ საქმიანობის გაფართოებას და ყურადღებას ამახვილებთ ბეტონის ხარისხზეც. თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას აპირებთ ამ მიმართულებით?
- დიახ, ასეა... გვაქვს გარკვეული გეგმები ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ცემენტის სექტორის გარკვეული ასპექტები ნელ-ნელა იცვლება და საქართველოში გრძელდება უხარისხო ცემენტის წარმოება და არაკეთილსინდისიერი რეალიზაცია.
ჩვენ ახლახან გავხდით თურქეთის მიწისძვრისა და რეგიონული კატასტროფის მოწმენი. შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა მსგავსი ტრაგედიები ჩვენს სეისმურ რეგიონში. ნგრევა, რომელიც წარმოიქმნება დაბალი ხარისხის მასალებისგან და სეისმური რეგიონის სამშენებლო ნორმების უგულებელყოფიდან გამომდინარე, აშკარაა თანდართული ფოტოდან. სახელმწიფო სტრუქტურებთან პარტნიორობით, ჩვენს ინდუსტრიას სურს ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავალალო შედეგები საქართველოში.
საქართველოს ცემენტის ასოციაციამ გადაწყვიტა, ჩვენი სამშენებლო მასალების მიწოდების ჯაჭვის საბოლოო სამშენებლო პროდუქტზე - ბეტონზე - გაამახვილოს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ცემენტი ბეტონის ყველაზე ძვირადღირებული და აუცილებელი კომპონენტია, რიგი სხვა მასალები (ინერტული მასალები, დანამატები და ა.შ.) კონკრეტული ტიპის ბეტონის დასამზადებლად უნდა იყოს შერეული კონკრეტული ფორმულების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცემენტის ასოციაცია თანამშრომლობდა ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსთან და უზიარებდა შედეგებს, მათი ინტერესის სფერო ჯერ კიდევ არ მოიცავს ბეტონს, აღნიშნული სამშენებლო მასალის ფორმულებს და მის მატერიალურ კომპონენტებს, როგორიცაა, მაგალითად, ინერტული მასალები. რა თქმა უნდა, ეს უფრო ფართო მასშტაბის ვალდებულებაა.
ამ მიზნით გვსურს ჩამოვაყალიბოთ საქართველოს სამშენებლო მასალების ასოციაცია, რომელიც იქნება სექტორში დასაქმებული, დაახლოებით 75,000 ადამიანის ინტერესებისა და პრობლემების წარმომადგენელი, როგორც სამშენებლო მასალების წარმოების, ასევე გამოყენების სფეროში. ეს გავლენას მოახდენს საქართველოს მთელ სამშენებლო სექტორზე, რომლის მთლიანმა ბრუნვამ გასულ წელს, დაახლოებით, 12 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქართველოს სამშენებლო მასალების ასოციაცია დიდი სიამოვნებით მიიღებს მის შემადგენლობაში ძირითადი
წევრის სტატუსით ყველა ცემენტის, მზა ბეტონის, ინერტული მასალების, ბეტონის ბლოკის, მშრალი ნარევების/ფითხების და სხვა მწარმოებლებს, ასევე ბეტონის მიწოდების ჯაჭვის სხვა მომწოდებლებს, რომელთა პროდუქტი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
გარდა ამისა, არაერთი სტრატეგიული პარტნიორი (ბიზნეს ასოციაციები, საელჩოები, მუნიციპალიტეტები, ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.). იქნება მოწვეული ჩვენთან თანამშრომლობისთვის.
ჩვენი მიზნებია:
- 1. საერთო ინტერესების მქონე თემების ფორმულირება და გასაჯაროება, როგორიცაა, პროდუქციისა და მომხმარებელთა უსაფრთხოება, ენერგომატარებლების ფასი და ხელმისაწვდომობა, ნედლეულის კარიერების ლიცენზირება, ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, რეგულაციების თანაბარი და გონივრული გამოყენება.
- წევრებთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა ხელისუფლებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გზით.
- არსებული და პოტენციური წევრებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
საქართველოს სამშენებლო მასალების ასოციაცია ამჟამად მუშაობს პოტენციური წევრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოძიებაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების, კითხვარების შემუშავება სექტორში არსებული ბიზნესის თითოეული კატეგორიისთვის. აღსანიშნავია, რომ GBMA-ს წევრობა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სტატუსით:
სრული წევრი, ასოცირებული წევრი და სტრატეგიული პარტნიორი. ამ ცვლილებების გათვალისწინებით შედის შესწორებები GCA-ის მოქმედ წესდებაშიც.
20 მარტს თბილისში GBMA-ს საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოცამდე კომპანია და ორი ბიზნეს ასოციაცია დაესწრო. პოტენციური წევრების ეს მრავალფეროვანი ჯგუფი ცემენტის, მზა ბეტონის, ბლოკების წარმოების, მშრალი ნარევების და სხვა საწარმოების წარმომადგენლებს მოიცავს. შეხვედრაში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობდნენ ამერიკის სავაჭრო პალატა და ევროპის ბიზნეს ასოციაციაც.
საქმე იმაშია, რომ სამშენებლო ინდუსტრიასა და დაინტერესებულ მხარეებს აქვთ მთელი რიგი ერთობლივი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. თუ რაიმე მიზეზით სამშენებლო მასალების მიწოდების ჯაჭვი გაწყდება, შეუძლებელი გახდება საკმარისი ხარისხის და რაოდენობის ბეტონის წარმოება სამშენებლო სექტორის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ იქნება საკმარისი პროდუქტი ყველა დაგეგმილი და საჭირო პროექტის ასაშენებლად. გამომდინარე აქედან, სამშენებლო სექტორმა შეიძლება განიცადოს სერიოზული ვარდნა, რაც, თავის მხრივ გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რამდენიმე საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს და სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს:
- ყველაზე კრიტიკული პრობლემა ნედლეულის კარიერების ლიცენზირების საკითხია. მდინარის კარიერებზე, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, რამდენიმე წელია, არანაირი ლიცენზია აღარ გაცემულა. ამის მიზეზი რიგ შემთხვევებში, ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობა, ზოგჯერ კი გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებაა. ამ პრობლემის გამო სამშენებლო ინდუსტრია ახლა ინერტული მასალების (ქვიშა და ღორღი) მზარდი დეფიციტის წინაშე დგას, რაც იწვევს ფასების ზრდას და მიწოდების გადანაწილებას. ბეტონის წარმოება შეუძლებელია ინერტული მასალების გარეშე. მომავალში, შესაძლოა დამატებითი პრობლემები გაჩნდეს ისეთ სასარგებლო წიაღისეულებთან დაკავშირებით, როგორიცაა თაბაშირი და კირქვა. ამ პოლიტიკის გრძელვადიანი შედეგი იქნება ამ სექტორში ეკონომიკური აქტივობის შემცირება ან შეჩერება. წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, GBMA აპირებს შექმნას კონკრეტული სამუშაო ჯგუფი არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
- მნიშვნელოვანია ასევე პრობლემები ბიზნეს რეგულაციების მიმართულებით. ზოგჯერ ახალი რეგულაციები ძალაში შედის ბიზნეს სექტორისთვის წინასწარი შეტყობინების ან მათთან კონსულტაციის გარეშე. დადებითი ეფექტის მაქსიმიზაციის მიზნით, სამთავრობო დადგენილებები, რაც არ უნდა კარგი განზრახვით ხელმძღვანელობდნენ ავტორები, არ უნდა გამოქვეყნდეს რეალიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის და ბიზნესსა და მოხმარებლებზე შესაძლო ნეგატიური გავლენის ერთობლივი წინასწარი შეფასების გარეშე. GBMA-ს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს აღნიშნული დოკუმენტები მათ მიღებამდე. ასეთი რეგულაციები ასევე საჭიროებს რეალისტურ ვადებს მათი განხორციელებისთვის.
- სასურველია, რომ პროდუქტის ხარისხის ინსპექტირება და კონტროლი განხორციელდეს ყველა კომპანიისთვის ბეტონის მიწოდების მთელ ჯაჭვში. მკაცრი ზომების მიღებამ უნდა შეამციროს სეისმური ტრაგედიების ალბათობა და უზრუნველყოს უფრო სამართლიანი კონკურენტული გარემო. მაშინ როცა დიდი კომპანიების შესაბამისობის კონტროლი უფრო მარტივად ხორციელდება, ბევრი მცირე მოთამაშე თავს არიდებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. შედეგად, მომხმარებელი ისევ მოტყუებული რჩება. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, GBMA მზადაა, ითანამშრომლოს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და მხარი დაუჭიროს ტექნიკური ზედამხედველობის სერვისების სააგენტოს ინსპექტირების გაფართოებულ პროგრამას.
- მშენებლობაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი არსებობს, რაც გამოწვეულია არასაკმარისი საგანმანათლებლო პროგრამებით. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ძირითადი ნაწილი სამუშაოდ მიდის საზღვარგარეთ. სამშენებლო კომპანიებს უჭირთ კვალიფიციური თანამშრომლების პოვნა და დგანან ხარისხის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე. მდგომარეობის დასარეგულირებლად, უკიდურესად აუცილებელია ტექნიკური საგანმანათლებლო კურსების და პროფესიული მომზადების პროგრამების გააქტიურება. GBMA ითანამშრომლებს პროფესიული უნარების სააგენტოსთან საქართველოში, რათა დაეხმაროს ასოციაციის წევრებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნაში.
- GBMA-მ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ სამშენებლო კომპანიებს და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს და შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოს მათი მონაწილეობა სტრატეგიული პარტნიორების რანგში. მათი როლი იქნება კონსულტაციების გაწევა და კომენტარების გაკეთება, როდესაც GBMA შეეცდება საჯარო პოზიციის გამოხატვას სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ ნებისმიერ ასპექტთან მიმართებაში.
ამ ეტაპზე GBMA ორგანიზაციული საქმიანობის დასრულების პროცესშია, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის წევრობის ჩამოყალიბებას, ობიექტური კრიტერიუმების დადგენას მიწოდების ჯაჭვის თითოეული ტიპის პროდუქტისთვის, წესდების დასრულებას, GBMA-ს მმართველობითი გუნდის შერჩევას, მთავრობასთან და სხვებთან ურთიერთობას იმ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია ზემოთ მოცემული პირველადი სიის შესაბამისად.
იმისათვის, რომ GBMA იყოს წარმატებული გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, ყველა სექტორის - კომპანიების (როგორც მიწოდების ჯაჭვის მწარმოებლების, ასევე მშენებლების), სამთავრობო უწყებების, მომხმარებლების, მუნიციპალიტეტების, ბანკების, საელჩოების და ა.შ. ჩართულობა.
საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელზე, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს ის სამშენებლო გარემო, რომელშიც ის იმყოფება! გავერთიანდეთ და ერთად ვაშენოთ უკეთესად! მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გავერთიანდეთ! ერთად ვაშენოთ უკეთესი და უსაფრთხო მომავალი!