საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე ამ ეტაპზე სტაბილურობა ნარჩუნდება, თუმცა, გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში მოვლენების განვითარება საყურადღებოა - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ხორბლის მარაგების მხრივ შეფერხებები არ არსებობს.
„ხორბლის მარაგი არის, ფქვილის წარმოება მუშაობს, ფასი სტაბილურია და შეფერხებები ამასთან დაკავშირებით არ არის.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს ხორბალთან დაკავშირებით, რეალურად, მარტის ბოლოს უფრო უკეთ გვეცოდინება ეს პროგნოზი, იმიტომ რომ ტრადიციულად, მარტში მომდევნო წლის ანალიტიკა ზუსტდება - როგორ გადაიტანენ ნათესები ზამთარს მსოფლიოში და რეგიონალურად“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული სტაბილურობისა, არ გამორიცხავს ფასების ოდნავ მატებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი საგანგაშო ხასიათს არ ატარებს.
„ჯერჯერობით ფასები ასე თუ ისე, სტაბილურია, თუმცა შეინიშნება ფასების მცირედით მატება. ეს მატება, წინასწარი პროგნოზებით ალბათ, შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში ძალიან დიდ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მარტში ახალ ნათესს ველოდებით და სავარაუდოდ დააბალანსებს ფასების მატებას ეს ყველაფერი,“ - განმარტავს სილაგავა.
ლევან სილაგავას თქმით, საყურადღებოა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზეც, რაც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე აისახება.
„მსოფლიოში ალბათ, ლოგისტიკა გადალაგდება, ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე. შესაბამისად, შეიძლება, საერთაშორისო ვაჭრობას დაეტყოს ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, ენერგომატარებლის ფასზე იქნება გარკვეული საკითხები დამოკიდებული“ - განმარტავს ლევან სილაგავა.