აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და Coca-Cola შეთანხმდნენ აშშ-ში ცნობილი გაზიანი სასმლის შემადგენლობის შეცვლაზე. ბრენდი ორი სახის დამატკბობელს იყენებს. ერთი სიმინდისგან მზადდება, მეორე კი ლერწმისგან. ისინი თხევადი სახით გამოიყენება და სასმელს განსხვავებულ გემოებს სძენს.

,,კომერსანტი“ საკითხზე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა. ის ჩვენთან განმარტავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახის დამატკბობელს იყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტს კი ის გემო მოსწონს, რომელსაც სასმელს ლერწმის შაქარი სძენს.

,,სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შაქარი იხმარება, სხვადასხვა დამატკბობელი. რამდენიმე დამატკბობელია, მაგრამ ძირითადი არის შაქარი, რომელიც მიიღება სიმინდისგან. ამერიკაში და ბევრ ქვეყანაში ბევრი ქარხანა ხმარობს სიმინდის თხევად დამატკბობელს. ფხვნილის სახით არ არის. დიდ ცისტერნებშია და უფრო იაფი ჯდება. ხარისხზე საუბარი არ არის. თხევადიც და ფხვნილიც ორივე ხარისხიანია. ჩემთვის საამაყოა, რომ ამერიკის პრეზიდენტს ამდენი საქმე აქვს და ,,კოკა-კოლის“ თემაზე ფიქრობს. როგორი ძლიერი ბრენდია მსოფლიოში, ხომ წარმოგიდგენიათ. ჩვენი დაზუსტებული ინფორმაციით, ტრამპს სპეციალური ღილაკი აქვს, რომლის გამოძახებითაც ,,კოკა-კოლა" შეაქვთ. ტრამპს მოსწონს ,,კოკა-კოლა“, რომელიც მიიღება ლერწმის დამატკბობელით. მან შესთავაზა, რომ სიმინდის დამატკბობელის ნაცვლად ეხმარათ ლერწმის დამატკბობელი. ასეთი ინფორმაცია მოვიპოვე ,,კოკა-კოლის“ ცენტრალური ოფისიდან.“- აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის განცხადებით, საქართველოში თხევადი შაქრის წარმოების ინდუსტრია განვითარებული არ არის, ამიტომ ქარხნებში შაქრის ფხვნილს იყენებენ. გამოიყენება მისი შენახვისა და მოხმარების განსაკუთრებული ტექნოლოგია. თემურ ჭყონიას განცხადებით, საქართველოში ,,კოკა-კოლა“ ლერწმისგან დამზადებული შაქრის ფხვნილისგან მზადდება.

,,ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს ინდუსტრია არ არის განვითარებული შაქრის მიწოდება ხდება ტომრებში. ,,კოკა-კოლა“-ში შაქარი უმაღლესი ხარისხის არის. ჩვენ რასაც ვხმარობთ, ეს ჩვეულებრივ გაყიდვადი არ არის. ეს არის ინდუსტრიული შაქარი, რომელიც არის სპეციალურად გასუფთავებული. არის უმაღლესი დონის. ამაზე სუფთა, გაწმენდილი შაქარი არ არსებობს. რომ არ წარმოიშვას ლექი, სუნი, ბევრი პროცესებია. გვყავს განსაკუთრებული მომწოდებელი და გვაქვს განსაკუთრებული შენახვის პირობები. ხელის შეხებაც არ შეიძლება ტომრებზე. გვაქვს რობოტები, რომელიც მუშაობს შაქრის გადატვირთვაზე, ჩაყრაზე. ადამიანი არ ეხება მას, რომ რამე არომატი არ შეჰყვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვხმარობთ უმაღლესი დონის იმ შაქარს, რომელიც უყვარს ტრამპს. ანუ ლერწმის შაქარს ვიყენებთ.“- აცხადებს თემურ ჭყონია.