„ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
TV პირველთან საუბრისას ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესი არის ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ნებისმიერი განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს. მისი განმარტებით, საწვავის ღირებულება დამოკიდებულია ლარის კურსსა და საერთაშორისო ფასებზე.
„თუ რამე შეგვიძლია, მაგას გავაკეთებთ, მაგამ მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.
საწვავთან დაკავშირებით ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ლარის კურსზე. საერთაშორისო ფასები თუ მიდის ზემოთ, ფასები ძვირდება საწვავზე შიდა ბაზარზე და პირიქით. იყო შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით. მე ერთი რა ვიცი, რომ ბიზნესი არის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.