ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია "ჩირჩხელა", 2025 წელს, შესაძლოა, ისრაელის ბაზარზეც გავიდეს.

როგორც  "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"ჩვენი საექსპორტო ბაზრები ამ ეტაპზე არის ჩეხეთი და საბერძნეთი. აზიის ქვეყნებში და გერმანიაში ექსპორტი უკვე განვახორციელეთ, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და გვაქვს იმედი, რომ კიდევ გვექნება შეკვეთები. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ისრაელმა აიღო პაუზა. გვაქვს იმედი, რომ 2025 წელს ვითარება დამშვიდდება და ექსპორტს განვახორციელებთ. მათი პოზიცია ასეთია - ითანამშრომლებენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა დალაგდება.  მიმდინარე პროცესებს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს მუშაობაზე. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ძალიან მსხვილ და სერიოზულ შემსყიდველებთან გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა თუ ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდა, შეთანხმებებს ბოლომდე ვერ მივიყვანთ. საექსპორტო ბაზრები გარკვეულ რისკებს ხედავენ", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.

ცნობისთვის, "ჩირჩხელა" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. "ჩირჩხელა" ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის.

კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.

ბიზნესპარტნიორი