საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში შემოსული და გადამუშავებული საფოსტო გზავნილების ჯამურმა ოდენობამ 15 მილიონ 670 ათასს გადააჭარბა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია Camex.ge-ის რეგიონული განვითარების დირექტორმა, გიგა სეთურიძემ განუცხადა, ლიდერ პოზიციაზე აშშ და ჩინეთი არიან, სწორედ ამ ქვეყნებიდან იგზავნება ყველაზე დიდი მოცულობით ამანათები.

მისივე ინფორმაციით, სტაბილურად მზარდია ევროპული ბაზარიც. კერძოდ, საფოსტო გზავნილების მზარდი ტენდენცია შეინიშნება გერმანიიდან, საბერძნეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

„შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა როგორც ამანათების, ისე კომერციული ტვირთების მიმართულებით. მიმდინარე წელს, ჩვენს კომპანიას ჩინეთიდან ტვირთების მოცულობა 10%-ით გაეზარდა, აშშ-დან კი - 5%-ით. შედარებით ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით, თუმცა მაინც მზარდია ამანათების რიცხვი ევროპული სახელმწიფოებიდანაც“, - აღნიშნა გიგა სეთურიძემ.

Camex.ge-ის რეგიონული განვითარების დირექტორმა, მკვეთრად მომატებული საფოსტო გზავნილების ფონზე, სექტორში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„საქართველოში კვლავ დეფიციტურია ტერმინალებისა და მუშახელის რაოდენობა, რომლებიც ამანათების დროულად გადამუშავებასა და მიწოდებას უზრუნველყოფენ“, - განმარტა გიგა სეთურიძემ.

მან სექტორში არსებულ კიდევ ერთ გამოწვევად ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდა დაასახელა. „მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო, გაძვირებულია ნავთობპროდუქტები, შესაბამისად, ტვირთების გადაზიდვა გაძვირდა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით“, - განაცხადა Camex.ge-ის რეგიონული განვითარების დირექტორმა.

თუმცა, მისივე განმარტებით, ტრანსპორტირების მზარდ ხარჯებს ამანათების გამოწერაზე გავლენა არ მოუხდენია და სექტორში კვლავ ზრდის დინამიკა ნარჩუნდება.

ცნობისთვის, მხოლოდ გასული 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვმა 19 მილიონს გადააჭარბა.

bp.ge