ახალგაზრდა ხელოვანი ნუცა ნიკოლაიშვილი გაფუჭებულ ტექნიკას სამი წელია რაც ახალ სიცოცხლეს სძენს და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, რომელთა ღირებულება 500-იდან 1500 ლარამდე მერყეობს.
თუ როგორ დაიწყო ორიგინალური ნაკეთობების შექმნა, რას სთავაზობს მისი ხელოვნებით დაინტერესებულ მომხმარებლებს და როგორ აპირებს საქმიანობის განვითარებას, ამ თემებზე ის „კომერსანტს“ ინტერვიუში ესაუბრა.
რატომ აირჩიე მასალად ტექნიკის ნაწილები?
ერთ-ერთი მსგავსი ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ვნახე, რომელმაც შთამაგონა და მას შემდეგ უკვე 40-მდე ნამუშევარი შევქმენი. ტექნიკას უმნიშვნელოვანეს ადგილი აქვს ჩვენს ყოველდღიურობაში და მათი „შინაგანი სამყარო“ კიდეც უფრო შთამბეჭდავია ჩემთვის. გაფუჭებული ტექნიკის მეორედ გაცოცხლება ნამუშევრებში ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.

რომელი იყო პირველი ნამუშევარი?
პირველი ნამუშევარი იყო ჟირაფი, რომელიც მამაჩემის გაფუჭებული რადიოს დაშლის შედეგად ავაწყვე. ჩემი მეუღლე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და მანვე მიბიძგა ნამუშევრის სოციალურ ქსელებში განთავსებაზე. ეს ნამუშევარი მამას ვაჩუქე.
როგორ ახერხებ მასალების შეგროვებას და რამდენად ძვირი ჯდება?
უამრავი ადამიანი მასაჩუქრებს გაფუჭებული ტექნიკით, შემდეგ მათ ვშლი და ვახარისხებ. ნამუშევრის ასაწყობად ვიყენებ ხის მასალას ზედაპირისთვის , რომელსაც ზემოდან ვაკრავ სხვადასხვა მეტალს და შემდეგ ვიწყებ ესკიზის ხატვას და აწყობას. თვითღირებულება მასშტაბზეა დამოკიდებული, თითო ნახატისთვის საშუალოდ 100-200 ლარი მჭირდება.

რამდენი ნამუშევარი გაქვს გაყიდული ამ დროისთვის?
ამ ეტაპისთვის 20-ზე მეტი ნამუშევარი გაიყიდა, რაც ძალიან მახარებს. გულდასაწყვეტი და ამავდროულად სასიამოვნო პროცესია, როდესაც შენს შემოქმედებას სხვას უწილადებ.
მომავალში როგორ გეგმავ საქმიანობის განვითარებას?
ჩემს ნამუშევრებს დავამატე გამოყენებითი ხელოვნების ნივთები, კერძოდ მაგიდები. ახლა დავიწყე მუშაობა სარკეებსა და სანათებზე. ვაპირებ ინტერიერის დიზაინში საინტერესო და გამოსაყენებელი ნივთები შევქმნა. თავად მომხმარებლები იყვნენ ამ ბიძგის მომცემი, რადგან თანამედროვე ინტერიერს მდგრადი ხელოვნების ასეთი ვიზუალიზაცია ძალიან უხდება.
მომავალში ასევე ვგეგმავ გამოფენას, იყო რამდენიმე შემოთავაზება. ვაგროვებ ნამუშევრებს და იმედი მაქვს უფრო საინტერესო დეტალებს აღმოაჩენენ ტექნიკისა და ხელოვნების სამყაროში გამოფენაზე მოსული ადამიანები.