ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ჩაის წარმოების მთავარი პრობლემა ნედლეულის დეფიციტი იყო, რის გამოც სექტორში გადაწყობა მოხდა და ინდუსტრია დიდი მოცულობის წარმოებიდან მცირე მოცულობისა და მაღალი ხარისხის წარმოებაზე გადავიდა.

მისივე თქმით, საქართველოდან ჩაის ექსპორტი მონღოლეთში, ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხორციელდება. 

„საქართველოში ხარისხიანი ჩაი იწარმოება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არის ცოტა. ყველა ბაზარს ვერ გავწვდებით. ძირითადი ექსპორტი ე.წ. მწვანე აგურა ჩაიზე მოდის, რომელიც მონღოლეთში გადის ექსპორტზე. დაუფასოებელი, მეშოკების სახით ჩაი იყიდება ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც“,- აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, მწარმოებლებს იმპორტირებულ პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.

„ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, რომ დემპინგური ფასების პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ“, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

agropartner.ge