„Istoria wine- მა ოქროს შემადგენლობის მქონე ღვინის წარმოება დაიწყო“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ Istoria wine- ის დამფუძნებლებმა ანა კამინსკენემ და ნათია მამალაშვილმა უთხრეს. მათი თქმით, აღნიშნული სასმელი არის ოქროს შემცველობის და მაღალი საფასო კატეგორიის, რადგან ნამდვილ ოქროს შეიცავს.

„ახალი სასმლის წარმოება დავიწყეთ, ჯერ ფართო მასშტაბის პრეზენტაცია არ გაგვიკეთებია, ეს სასმელი არის ოქროს შემცველობის მშრალი ღვინო, მაღალი საფასო კატეგორიაა, რადგან ნამდვილ ოქროს შეიცავს, ეს არ არის 24 კარატიანი, ნამდვილი ოქროა და ზოგადად ოქრო არის საკვები პროდუქტი და ძალიან ფართოდ გამოიყენება ბევრი საუკუნის მანძილზე“- აცხადებენ დამფუძნებლები.

Istoria wine - ის ისტორია დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როგორც „კომერსანტთან" საუბრისას კომპანიის დამფუძნებლები აღნიშნავენ სურდათ შეექმნათ წარმოუდგენელი და ბრჭყვიალა სასმელი. დაიწყეს ბაზრის მოკვლევა და ჯანმრთელობისთვის  უსაფრთხო ბრჭყვიალა პროდუქტსაც მიაკვლიეს. 

„ჩვენი პროდუქტის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა, როდესაც წარმოვიდგინეთ, ყველაზე წარმოუდგენელი - ბრჭყვიალა სასმელი და ვთქვით - რატომაც არა? სწორედ აქედან იწყება „ისტორია ვაინის" ისტორია.

ძალიან სწრაფად და დაუღალავად დავიწყეთ მოკვლევა, როგორ შეგვეძლო იმის რეალობად ქცევა, რაც ჩვენს წარმოსახვაში უკვე შექმნილი პროდუქტი იყო.

ვკითხულობდით, ვსწავლობდით და უამრავ მეღვინესა და ტექნოლოგს ვეკითხებოდით რჩევებს - როგორ შეგვექმნა მსგავსი ვიზუალის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი. საბოლოო ჯამში მივიღეთ ღვინის ბაზაზე დამზადებული, ნახევრად ტკბილი ღვინისეული ალკოჰოლური სასმელი - „ისტორია“ 

ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც სრულიად ახალია ყველა ადამიანისთვის, ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა გამოირჩევა განსაკუთრებული სიყვარულით ვაზისა და ღვინისადმი. ჩვენ კი სწორედ მისი სახეცვლილი ვერსიის შეთავაზება გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის. იმის მიუხედავად, რომ სრულად შევუნარჩუნეთ ტრადიციული გემო და თვისებები, ვიზუალის გამო მაინც გახდა კრიტიკის საგანი, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სწორად ვერ აღიქვეს ჩვენი მიზანი - პოპულარიზაცია გაგვეწია ღვინისეული სასმლისთვის. ყველაზე დიდი გამოწვევა დღემდე, ამავე ადამიანების პროდუქტის უვნებლობაში დარწმუნებაა."- აცხადებენ დამფუძნებლები. 

კომპანიაში, ასევე აცხადებენ, რომ ბრჭყვიალა მინარევი, რომელსაც წარმოებაში იყენებენ ლაბორატორიულად გამოკვლეული სრულიად უსაფრთხო საკვები დანამატია, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაშიც ხშირად იყენებენ. ხოლო ის ადამიანები, ვინც სკეპტიკურად უყურებდნენ ბრჭყვიალა ღვინოს ბაზარზე გამოჩენას, დღეს istoria wine - ის ერთგული მომხმარებლები არიან. 

„არ  არის მარტივი დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი. თავადვე იზრუნო მის ვიზუალურ მხარეზე, ბრენდის შექმნაზე და განვითარებაზე ასევე მარკეტინგულ საქმიანობაზე, ამავე დროს იყო ჩართული ჩამოსხმის, რეალიზაციის და ადრესატამდე მიწოდების საქმეშიც კი.

გაყიდვები ძალიან კარგად წავიდა, თავიდანვე განსხვავებული პროდუქტი იყო და დიდი დაინტერესება გამოიწვია, ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ აქტიური რეკლამირებით მიხვდნენ, რომ საშიში არაფერი იყო და სრულად ბუნებრივია, ყველანაირი სერტიფიკატის დაცვით. აქედან გამომდინარე მომხმარებლის ნდობაც გაიზარდა.“- ამბობენ დამფუძნებლები.

ამ ეტაპზე ბრჭყვიალა ღვინო ონლაინ იყიდება, ასევე წარმოდგენილები არიან კაფე „გურმანიაში" და სხვადასხვა ქსელური სუპერმარკეტებისა და კაფეების მხრიდან დაინტერესებაც მაღალია.

„რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სხვადასხვა აგენტებთან და სამომავლოდ ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას.

რაც შეეხება ღვინოებს,  თეთრი ბრჭყვიალა ღვინო დამზადებულია თეთრ ნახევრად ტკბილ ღვინოზე, ოქროს შემადგენლობის ღვინო არის ნახევრად მშრალი და ვმუშაობთ როზეზე, რომელიც დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება“- აცხადებენ დამფუძნებლები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინვესტიცია პირადი სახსრებით განახორციელეს, მათივე თქმით კომპანიას ამ ეტაპზე საკუთარი ქარხანა და ვენახი არ აქვს და ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობს.

ღვინის ფასი 45 ლარიდან იწყება, ხოლო რაც  შეეხება ოქროს ნაწილაკებიან ღვინოს, მისი ფასი გაცილებით მაღალია.