2022 წლის 21 ოქტომბერს თბილისში ლეო ქიაჩელის ქუჩაზე „მწერლების ბარი H2SO4“ გაიხსნა, რომელიც საქართველოში 1924 წელს გამოცემული ავანგარდისტული ჟურნალით H2SO4-ით არის შთაგონებული. ბარის შექმნის იდეაზე, კონცეფციაზე და სამომავლო გეგმებზე „კომერსანტთან“ იდეის ავტორმა და ბარის დამფუძნებელმა, მწერალმა პაატა შამუგიამ ისაუბრა.
როგორც პაატა შამუგიამ აღნიშნა, ბარის კონცეფცია მეოცე საუკუნის დასაწყისის ავანგარდის მიხედვით არის აგებული, ინტერიერიც ასევეა გაფორმებული და შინაარსიც ამ ხაზს მიჰყვება.
„H2SO4 დღემდე ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ექსტრავაგანტურ და გაბედულ გამოცემად მიმაჩნია. სწორედ ამ ჟურნალის სახელწოდება ავიღეთ მთავარ ხაზად და ინტერიერიც აქ დაბეჭდილი ერთგვარი ვიზუალური პოეზიის ნიმუშების მიხედვით ავაწყვეთ.
H2SO4-ის გამოცემის გარდა, კედლებზე შეხვდებით სხვადასხვა ავანგარდისტულ არტეფაქტს, დიუშანის მონა ლიზას თუ გერტრუდ სტაინს, ტიციანის „დადა მანიფესტს“ თუ დარიანის ლექსების ყდას. ე.წ. ხემსი მოგვაქვს მარსელ დიუშანის პისუარით, რაც თავიდან ცოტა გაოცებას იწვევდა, მაგრამ როცა ავუხსენით იდეა, ყველას მოეწონა. ბოლოს და ბოლოს, ეს მწერლების ბარია და ყველანაირი სიგიჟის უფლება შეგვიძლია მივცეთ თავს. გვაქვს საავტორო კოქტეილები, რომლებიც, ისევ და ისევ, მწერლობის ხაზს აგრძელებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „ცისფერი ყანწი“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.
შამუგიას თქმით, შუშის ყანწის დამზადება, რომლითაც ბარი მომხმარებელს საავტორო ცისფერ კოქტეილს სთავაზობს საქართველოში ვერ მოხერხდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწიათ მისი შექმნა. კოქტეილი „მწერლების ბარის“ ერთგვარი ბესტსელერიც გახდა, რომელსაც პოპულარობით ამავე ბარის საავტორო კოქტეილი „მინისტრის მოადგილე“ - ჰალსტუხიანი კოქტეილი მოსდევს.
„ცისფერი ყანწის“ იდეა, რასაკვირველია, პოეტურ ორდენ „ცისფერყანწელებს“ უკავშირდება. მართალია, „ცისფერყანწელები“ და ჟურნალ H2SO4-ის პოეტები ერთმანეთს არ სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენს სივრცეში მოვარიგეთ,“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.
მწერლის თქმით, ბარის შექმნის იდეა გერმანიაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას დაებადათ, იდეის განხორციელებაში გერმანიაში მოღვაწე „ბიზნესვუმენი“ ქეთი მარღიშვილი-პიატკოვსკი დაეხმარა.
„გერმანიაში ვიყავით ქართულ დიასპორასთან შესახვედრად. ვილაპარაკეთ, ვიკითხეთ ლექსები და დამთავრების მერე, საღამოსკენ, ღვინის წრუპვისას გაჩნდა იდეა. უფრო სწორად, წამოიჭრა თემა, ვინ რას გავაკეთებდით სიბერეში. მე ვაღიარე, მწერლების ბარს გავხსნი, ასე 90 წლის რომ გავხდები-მეთქი. ჩემი მეგობარი ქეთი მარღიშვილი-პიატკოვსკი იყო ჩვენი მასპინძელი, მას თავად მშვენიერი კაფე-რესტორანი „პეპელა“ აქვს გერმანიაში. ქეთიმ მკითხა, ახლავე რატომ არ ვხსნიდი და რატომ ველოდებოდი სიბერეს. პრინციპში, იცოდა, რომ ამის თანხა მე ვერ მექნებოდა, ამიტომ, დაახლოებით ერთ წუთში მომიბრუნდა და შემომთავაზა ფინანსური მხარდაჭერა. ასე გაიხსნა მწერლების ბარი H2SO4 2022 წლის 21 ოქტომბერს. მე და ჩემი ცოლი, ანასტასია, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბარი იყოს მუდმივად საინტერესო და მიმზიდველი.“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.
მწერალი განმარტავს, რომ ბარის მიმართ დაინტერესება პირველივე დღიდან იყო და ასევე გრძელდება, მისივე თქმით, ეს ნიშური ბარია და ასეთ სივრცეში მოსვლა ყველას აინტერესებს. ბარს რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, ერთ-ერთი ასეთია „მწერალი ბარმენი“ რომელიც პირველად გაკეთდა და ბარმენის როლი არაერთმა მწერალმა მოირგო, პროექტი კომპანია „სარაჯიშვილის“ თანადგომით და პარტნიორობით ხორციელდება. შამუგიას თქმით, ყველა მომდევნო ერთი თვე წინასწარ გაწერილია, ყველა მწერალს თავისი აუდიტორია ჰყავს და მკითხველთან ურთიერთობის დროს ყველა მათგანი თავისებურად გულწრფელი და საინტერესოა.
„ამ ეტაპზე სტანდარტული ბარების დროით ვმუშაობთ - ხუთი საათიდან პირველამდე (გარკვეულ დღეებში ორამდე), თუმცა მალე გადავალთ დღის რეჟიმზეც და დილიდანვე დავხვდებით სტუმრებს. თუმცა, ჩემი და ანასტასიას სამუშაო რუტინა იწყება დილიდანვე - ღონისძიებების დაგეგმვა, პროექტების დაწერა, გადაწერა, მონაწილეებთან კონტაქტი, ბარის მენეჯმენტი ზოგადად - ანუ, პრაქტიკულად, სულ შრომაში ვართ.
პროექტ „ბარმენი მწერლების“ გარდა საქართველოში პირველად, ჭადრაკის ფედერაციასთან და გამომცემლობა „ინტელექტთან“ ერთად გავაკეთეთ მწერლებს შორის ჩემპიონატი ჭადრაკში, რაც ძალიან დაძაბული და აზარტული სანახაობა გამოდგა, სხვა ყველაფერთან ერთად. ეს ყოველწლიური შეჯიბრება იქნება.
ეს ფრაზა კი გაიცვითა მაგრამ, ისევ და ისევ, პირველად საქართველოში, ჰელოუინის დღესთან დაკავშირებით, სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად, გავაკეთეთ ჰორორის ჟანრის მინიატურების კონკურსი სახელწოდებით „ჰორორატურა“ - სიმბოლურად, ჩავაბნელეთ ბარი და სრულ სიბნელეში კითხულობდნენ საშიშ ისტორიებს ფინალში გასული ავტორები.
რაკი ყველაფრის დღე გვაქვს საქართველოში, მწერლების ბარმა დააარსა არაფრის დღე და მას ტრადიციულად, პარასკევს აღვნიშნავთ ხოლმე. სლოგანით „ვაკეთებთ არაფერს, ვსვამთ ყველაფერს“.
მოკლედ, ვცდილობთ, მწერლების ბარი მრავალფეროვან და საინტერესო ადგილად დარჩეს ყოველთვის.“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.
სამომავლოდ ბარი მისულ სტუმრებს ბევრ სიახლეს შესთავაზებს: მწერლების შემდეგ ბარმენობას სხვა პროფესიის ადამიანებიც შეითავსებენ. პაატა შამუგია საიდუმლოდ ტოვებს ორიგინალური პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში აპირებენ.
„როცა დავაანონსეთ, ბევრი ვინმე გაკვირვებული იყო, რადგან მეც და ანასტასიაც ლიტერატორები ვართ, მე შეთავსებით პროგრამისტი ვარ და სულ ესაა - ბარის საქმესთან იქამდე შეხება არ გვქონია, მაგრამ ანასტასიაც და მეც რაღაცნაირად ჯიუტები და ცოტა არ იყოს, ენთუზიასტები ვართ და მიგვაჩნია, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი. მოდი, ასე ვთქვათ - მეტ-ნაკლებად ყველაფერი.
შედეგი მალევე გამოჩნდა - ბევრი ადამიანისთვის ეს მიმზიდველი ადგილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა. ვაპირებთ კიდევ მეტის გაკეთებას. ახლა ვაპირებთ მწერლების შემდეგ, სხვა პროფესიის ხალხიც (მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, შოუმენები) ჩავაბათ ერთი დღით ბარმენობის საქმეში და ძალიან მალე ესეც იქნება.
კიდევ გვაქვს ერთი ორიგინალური პროექტი, რომელსაც ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ, გვენდეთ, მოგეწონებათ.“ - აღნიშნავს პაატა შამუგია.