გერმანული ავტომწარმოებელი BMW 2027 წლის ბოლომდე რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა შესაძლოა დაახლოებით 8 000-ით შემცირდეს. თავად BMW-ს კონკრეტული რიცხვი ოფიციალურად არ დაუსახელებია.

კომპანიამ თანამშრომელთა წარმომადგენლობით საბჭოსთან ნებაყოფლობითი კომპენსაციის პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწია. ცვლილებები ძირითადად გერმანიაში, ადმინისტრაციულ და კვლევა-განვითარების მიმართულებებში დასაქმებულებს შეეხება. საწარმოო პერსონალი პროგრამაში არ შედის.

BMW-ის განცხადებით, რესტრუქტურიზაცია გლობალურ საავტომობილო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას, ჩინეთში გაყიდვების შემცირებას, რეგულაციების გამკაცრებასა და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება. 2026 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მოგება გადასახადების გადახდამდე 35.1%-ით, 1.697 მილიარდ ევრომდე შემცირდა. შემოსავალმა 31.259 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში BMW Group-ის ავტომობილების გლობალური მიწოდება 4.9%-ით შემცირდა. ჩინეთში კლება 30.2% იყო, ხოლო ევროპასა და აშშ-ში გაყიდვები, შესაბამისად, 7.6%-ითა და 11.9%-ით გაიზარდა.

2025 წლის ბოლოს BMW Group-ში 154 540 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მილან ნედელკოვიჩის განცხადებით, BMW ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების გამარტივებას გეგმავს, რათა უფრო ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გახდეს.

წყაროები:

BMW Group-ის ოფიციალური განცხადება:
https://www.press.bmwgroup.com/global/article/detail/T0459734EN/more-speed-more-efficiency%3A-bmw-group-realigns-for-tougher-competition

Reuters, 29 ივლისი:
https://www.reuters.com/business/world-at-work/bmw-cut-several-thousand-jobs-under-voluntary-redundancy-programme-2026-07-29/

Reuters, 30 ივლისი:
https://www.reuters.com/business/autos-transportation/bmw-reports-second-quarter-earnings-slump-it-cuts-jobs-2026-07-30/

The Guardian:
https://www.theguardian.com/business/2026/jul/29/bmw-cut-jobs-germany-pressure-chinese-rivals