საუდის არაბეთის მილიარდერმა პრინცმა ალ-ვალიდ ბინ თალალ ალ საუდმა ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, პრინცი 19 513 000 აქციას ფლობს. მას ამ აქციებზე ხმის მიცემისა და მათი განკარგვის სრული, ინდივიდუალური უფლება აქვს. საკუთრების წილი დათვლილია Lucid-ის 390 256 808 A კლასის აქციის საფუძველზე, რომლებიც 2026 წლის 29 აპრილის მდგომარეობით იყო მიმოქცევაში.
მარეგულირებლისთვის წარდგენილ დოკუმენტში ტრანზაქციის გამომწვევ თარიღად 2026 წლის 23 ივლისია მითითებული, ხოლო ინფორმაცია საჯაროდ 28 ივლისს გამოქვეყნდა. გარიგების ზუსტი ფასი არ გასაჯაროებულა. Reuters-ის შეფასებით, 28 ივლისის ვაჭრობის დაწყებამდე არსებული, 6.50 დოლარის დახურვის ფასის მიხედვით, პაკეტის ღირებულება დაახლოებით 126.8 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ინფორმაციის გავრცელების დღეს Lucid-ის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე კი აქციები 3.4%-ით შემცირდა.
პრინცის მიერ შეძენილი წილი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ინვესტიციისგან დამოუკიდებელია. Lucid-ის მაკონტროლებელი აქციონერი კვლავ PIF-თან დაკავშირებული Ayar Third Investment Company-ია. 2026 წლის აპრილში Ayar-მა Lucid-ში დამატებით 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და კომპანიის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები შეიძინა.
ალ ვალიდ ბინ ტალალის მიერ წარდგენილი Schedule 13G მიუთითებს, რომ აქციები საინვესტიციო მიზნით არის შეძენილი და არა Lucid-ის მართვის ან კონტროლის შეცვლის მიზნით.
Lucid ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელია, რომლის აქციებიც Nasdaq-ზე LCID სიმბოლოთი ივაჭრება. კომპანია ამჟამად ხარჯების შემცირებისა და ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის პროცესშია. ივნისში Lucid-მა აშშ-ში დასაქმებული სამუშაო ძალის დაახლოებით 18%-ის შემცირების გეგმა გამოაცხადა.
წყაროები:
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია, ალ ვალიდ ბინ ტალალის Schedule 13G:
https://www.sec.gov/Archives/edgar/data/1811210/
Lucid Group-ის ოფიციალური SEC დოკუმენტები:
https://ir.lucidmotors.com/financials/sec-filings
SEC, PIF-ის შვილობილი Ayar-ის 550-მილიონიანი ინვესტიცია:
https://www.sec.gov/Archives/edgar/data/1811210/000110465926051606/tm2611666d6_8k.htm