ჩინური ავტომწარმოებელი BYD ევროპულ ფეხბურთში პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს. „მანჩესტერ სიტისთან“ პარტნიორობის შემდეგ კომპანია ფრანგული გრანდის, „პარი სენ-ჟერმენის“, ოფიციალური საავტომობილო პარტნიორიც გახდა. შეთანხმება მომდევნო სამ წელიწადს მოიცავს.
პარტნიორობის ფარგლებში BYD ოფიციალური კლუბის ავტომობილის სტატუსს მიიღებს. კომპანიისა და მისი პრემიუმ ბრენდის, Denza-ს მოდელებით ისარგებლებენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე. შესაბამისად, BYD-ის ავტომობილით შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილოთ.
კონკრეტულად რომელი მოდელები გადაეცემათ ფეხბურთელებს, სავარაუდოდ, სეზონის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი. BYD-ის ევროპული სამოდელო ხაზი მოიცავს როგორც კომპაქტურ ელექტრომობილებს, ისე სედანებსა და SUV-ებს, მათ შორის Dolphin-ს, Atto 2-ს, Atto 3-ს, Seal-ს, Seal U-ს, Sealion 7-სა და Tang-ს.
პარტნიორობაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება Denza-მაც შეასრულოს. BYD-ის პრემიუმ ბრენდი ევროპაში ელექტრული სპორტული მოდელით, Z9GT-ით გამოჩნდა, რომლის სიმძლავრეც 1 000 ცხენის ძალას აღემატება. ბრენდის ხაზში ასევე შედის მაღალი გამავლობის BAO 5 და ლუქს-კლასის მინივენი D9.
BYD-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, სტელა ლის განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო ფეხბურთში წარმატების, ამბიციისა და ინოვაციის სიმბოლოა, რაც ჩინური ავტომწარმოებლის ხედვას ემთხვევა.
პარტნიორობა BYD-ს ევროპაში ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და პრემიუმ ავტომობილების პოპულარიზაციის შესაძლებლობას მისცემს, „პარი სენ-ჟერმენი“ კი ოფიციალურ ავტოპარკში ჩინური კომპანიის ელექტრიფიცირებულ მოდელებს მიიღებს.