2023 წლის III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა. მონაცემებს არასამთავრობო ანალიტიკური ორგანიზაცია ISET აქვეყნებს.
ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (26.4) დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2023 წლის III კვარტალისთვის 12.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის სექტორში (25.0).
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად შემცირდა და 28.5 პუნქტს გაუტოლდა. 2023 წლის III კვარტალისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (50.0) დაფიქსირდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11.0-ით შემცირდა და 17.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასების მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.