საქართველოში ადგილობრივი სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ გაყიდვების ზრდას აფიქსირებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას კვლავაც ინარჩუნებს.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე განმარტავს, წლის ბოლომდე მოსალოდნელია დაახლოებით 15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მომხმარებელთა ერთგულებისა და ხარისხზე ორიენტირებული სტრატეგიის შედეგია.

„ჩვენი ყოველდღიური მიზანია, მომხმარებლამდე მივიტანოთ სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი. მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე თანმიმდევრულად იზრდება და ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნევა ჯანსაღი პროდუქტების ხაზში - მათ შორის:ჩიაზე, სელზე და სეზამზე. სწორედ ამ სამ პოზიციაზე, ბოლო მონაცემებით, ვაფიქსირებთ 10%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნავს სალომე ნეფარიძე.

მისი თქმით, „ოჯახურის“ გუნდი მუდმივად მუშაობს ასორტიმენტის გაფართოებაზე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი პროდუქტების წარმოდგენა ბაზარზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს.

„ჩვენი კომპანია სრულიად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. მაღალი სტანდარტის დაცვით და პარტნიორული ქსელის გაფართოებით ვქმნით გარემოს, სადაც სანდოობა და ხარისხი არის მთავარი ღირებულება“, - ამბობს ნეფარიძე.

„ოჯახურში“ ამბობენ, რომ გაყიდვების გეოგრაფიის მიხედვით, თბილისი ლიდერობს, თუმცა სეზონურად მაღალი მოთხოვნაა აჭარის რეგიონში.

„კომპანიის სტრატეგია მოიცავს როგორც პროდუქტების, ასევე პარტნიორული ქსელის გაფართოებას. ბოლო პერიოდში, „ოჯახურის“ პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ტოპ ტრადიციული ტიპის მარკეტებში, სუპერმარკეტებში, ასევე ხილ-ბოსტნეულის და ხორცის ობიექტებში. ასევე, მნიშვნელოვანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა „სოკარის“ ქსელთან, სადაც „ოჯახურის“ ბრენდის უმაღლესი ხარისხის მდოგვი ჰოთ-დოგში გამოიყენება. სანელებლების ბაზარი სულ უფრო დინამიკური ხდება. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ამ პროცესების ავანგარდში, მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს, უფრო ჯანსაღი არჩევანით და ინოვაციური მიდგომებით“, - ამბობს „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე.