ბავშვთა კვების ფორმულების ხარისხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალშობილის ჯანმრთელობისთვის, საქართველოში კი მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნული სტანდარტები ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც მშობლებში, განსაკუთრებით კი ახალბედა მშობლებში, ბევრ კითხვით ნიშანს სვამს.
საერთაშორისო პრაქტიკაში, კვების ფორმულები მრავალეტაპიან ტესტირებას გადის: ლაბორატორიული ანალიზი, ჰიგიენის ტესტები, კლინიკური შეფასებები (როგორ რეაგირებს ბავშვი ფორმულაზე: შეშუპება, ღებინება, წონის დინამიკა) და შენახვის პირობების ტესტირება.
საქართველოში, ბოლოს აღნიშნული სტანდარტის უზრუნველსაყოფად ბავშვთა კვება მხოლოდ აფთიაქებშია ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება შემადგენლობას, პროდუქტები ზოგჯერ მხოლოდ საბაჟოზე მოწმდება თანდაყოლილი საბუთების საფუძველზე, რაც უშუალო ქიმიურ ანალიზს არ უზრუნველყოფს.
WHO-ს ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ადასტურებს, საქართველოში, ბავშვთა კვების ყველა პროდუქტი კლინიკურად გატესტილი არ არის.
„საქართველოში არ არსებობს გამჭვირვალე ეროვნული ბაზა, სადაც ჩანს, კლინიკურად გაატარა თუ არა ტესტირება კონკრეტულმა პროდუქტმა. ფორმალურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს მხოლოდ რეგისტრაციისა და შემადგენლობის შესაბამისობას – არა კლინიკურ მტკიცებულებებს. ყველა პროდუქტი არ არის კლინიკურად გატესტილი, განსაკუთრებით – ბიუჯეტური და ნაკლებად ცნობილი ბრენდები“,- აღნიშნავს ფხაკაძე.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტურ და ძვირად ღირებულ ფორმულებში განსხვავება ხშირად მხოლოდ ბრენდებში, თუმცა უმეტესად სხვაობა შემადგენელ პროდუქტებს ეხება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ აფთიაქებში არსებული ბავშვთა საკვები პროდუქტები პრობიოტიკების ან ვიტამინების მახასიათებლებს ატარებს, რისი უვნებლობაც კლინიკურად დადასტურებული არ არის.
ჩვენ პროფესორს ასევე დავუსვით კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ფორმულაში პრობიოტიკების, რკინის და D ვიტამინის დამატება, რასაც ჩვეულებრივ ჩვილი დედის რძისგან იღებს.
,,ზოგჯერ განსხვავება მხოლოდ ბრენდისა და პაკეტირების ხარჯებშია, მაგრამ ხშირია განსხვავება: ინგრედიენტების წარმომავლობაში (ნედლეული, რძის ფხვნილის ხარისხი), ვიტამინებისა და მინერალების რეალურ ბიოშეღწევადობაში, პრობიოტიკებისა და სპეც. კომპონენტების დამატებაში, საკვების დაბინძურების რისკში (მაგ: მძიმე მეტალები, მიკრობი).
EFSA და FDA სისტემატურად ახორციელებენ ხარისხის შემოწმებას – საქართველოში მსგავსი მექანიზმი არ არსებობს. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვთა კვება არ არის მხოლოდ ბიზნესი – ეს არის ზუსტი მეცნიერება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
საქართველომ კანონმდებლობა Codex Alimentarius-ს უნდა დაუახლოოს, ქვეყანამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა WHO კოდის შესრულებაზე და შექმნას რეალური კონტროლის მექანიზმები. საყოველთაო ჯანდაცვა იწყება სიცოცხლის პირველ დღიდან.
რაც შეეხება დანამატებს, დიახ და ეს ხშირ შემთხვევაში რეკომენდებულია. რკინა აუცილებელია ანემიის პრევენციისთვის – განსაკუთრებით 6 თვიდან. D ვიტამინი – გამოიყენება ძვლების ჯანმრთელობისთვის; მკაცრად რეგულირდება დოზირება. პრობიოტიკები – არ არის სავალდებულო, თუმცა ზოგიერთი ბრენდი ამატებს Bifidobacterium ან Lactobacillus შტამებს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. Codex Alimentarius და EFSA (European Food Safety Authority) ითხოვს, რომ ამ დამატებების არსებობა დოზირებულად, მეცნიერულად დასაბუთებულად და ეტიკეტზე გამჭვირვალედ იყოს მითითებული. საყურადღებოა, რომ საქართველოში ზოგიერთი პროდუქტი ატარებს პრობიოტიკების ან ვიტამინების მახასიათებლებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კვლევა მათი ეფექტურობის ან საჭიროების შესახებ კონკრეტულ ბრენდში“,- აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.