რუსული კომპანია „აკვილონი,” რომელიც საკრუოზო გემს Astoria Grande-ს ემსახურება და მისი გენერალური აგენტია გაყიდვების მიმართულებით,  სანქცირებული რუსი ბიზნესმენის ოჯახს ეკუთვნის.

„აკვილონის” თანადამფუძნებელი კირილ  პურიმია, რომლის წილიც საწესდებო კაპიტალში 33%-ია. კირილის მამა, დიმიტრი პურიმი კი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია „სოვფრახტის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

6 მარტს „ვედომოსტი“ წერდა, რომ 26 წლის კირილი, ასევე, საწვავის მიწოდებისა და ტრანსპორტირების კომპანია „ნაფტატრანსის“ გენერალური დირექტორიცაა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო პალატის მიხედვით, 2022 წლის 4 მარტიდან ის შოტლანდიური კომპანია Orneto Partners-ის საკონტრლოლო პაკეტის მფლობელია, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში კალინინგრადის კომერციული საზღვაო პორტის (უნივერსალური ტერმინალის) აქციების 46,5% შეიძინა. კირილის კომპანია პორტის 43 000 აქციას ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 13 მაისიდან კალინინგრადის აქციონერი ოფიციალურად ხდება მამამისი, დიმიტრიც, რომელიც 3500 აქციას ყიდულობს.

რუსული შპს „აკვილონი” 2020 წელს დაფუძნდა და ტურისტულ საზღვაო გადაზიდვებს ეწევა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ საქმიანობის ძირითადი ტიპი შეიცვალა. კერძოდ, „საავტომობილო სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობა და გადაზიდვების მომსახურება“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში „ტუროპერატორების საქმიანობით“ ჩაანაცვლა. იმავე თვეში, კერძოდ, 22 თებერვალს, ანუ უკრაინის ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე დიმიტრი პურიმის ოფიციალურ facebook-გვერდზე პირველად ჩნდება საინფორმაციო პოსტი ლაინერ Astoria Grande-ზე ბილეთების შესყიდვის შესახებ. მას დაპოსტილი აქვს ინსტრუქცია ვებგვერდ astoriagrande.com-იდან, თუ სად შეიძლება ფასების ნახვა და როგორ არის შესაძლებელი კრუიზის შეძენა ლაინერზე.

2022 წელს „აკვილონის“ შემოსავალმა 135 მლნ რუბლი (1,5 მლნ დოლარი) შეადგინა, თუმცა კომპანიამ წელი ზარალით დაასრულა, რამაც 25,3 მლნ რუბლი (282 000 დოლარამდე) შეადგინა. ვრცელ სტატიას ამ თემაზე bpn.ge წერს.