„ბანკირობა როგორ უნდა მოგენატროს პატიოსან კაცს?!“, ბანკირები არ უყვართ „იმიტომ, რომ გიწევს ფათური ადამიანის ბედში ყოველდღიურად, მის შემოსავლებს დასდევ და ვის უყვარს ვალის ხდა?!“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „შენობით ბიზნესთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტ-ეკონომიკური ფონი ბიზნესის კეთებისთვის გაუმჯობესდა და საკანონმდებლო ბაზაც ძალიან კარგი გვაქვს.

„მე სულ მადლობას ვუხდი ლაშა ხუციშვილს, იმიტომ, რომ ცოცხალი საგადასახადო ინსპექტორი არ მინახავს 10-15 წელია და ეს უკვე დიდი მიღწევაა. სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ჯერ კიდევ სანატრელია, ასეთი ლოიალობა და ასეთი პროფესიონალიზმი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ლაშა პაპაშვილმა „სოსიეტე ჟენერალის“ ქართულ ბაზრიდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკურ პრობლემებია და ქვეყანასაც შეეძლო უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა.

„მათი გასვლა მიბმული იყო გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, მაგრამ ქვეყანასაც შეეძლო უფრო მეტი ყურადღება მიექცია ამისთვის და როგორმე შეენარჩუნებინა ასეთი ძლიერი მოთამაშე. ასეთი ინვესტორი ძალიან სენსიტიურია. იყო მათი დაჯარიმებაც წინა მთავრობის დროს, ასევე ძალიან იმოქმედა ომმა რუსეთთან, ესეც ერთ-ერთი პროვოცირება იყო“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

პაპაშვილმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საქართველო როგორც ქვეყანა „უნდა გაძვირდეს“.

„რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ვაკეში ბინა 1 კვ.მ ღირდეს 1000 დოლარი, როცა სხვა ქვეყნები 5,7,10, 20-ზე არიან ასულები. შეიძლება ყველა ქართველი არ არის მდიდარი, მაგრამ რაღაც აქტივი გვაქვს ამ ქვეყანაში. მე მინდა, რომ ჩემი სოფლის სახლი გაძვირდეს, ახლა არ ფასობს იმიტომ, რომ სოფლებში წყალი არ არის, მოვლილი ეკოლოგია არ არის, ვიღაცას შეუძლია მოთხაროს მთა და ააშენოს რაღაც რესტორანი“.

სასტუმრო „ჰილტონ გარდენინგზე“ საუბრისას პაპაშვილმა აღნიშნა, რომ პირველ წელს დატვირთულობის მაჩვენებელი 45% იყო, წელს კი ამ მაჩვენებლის გაზრდას გეგმავენ.

„კოვიდის დროს ვერ გავიხსენით, ჩვენ გავიხსენით 2021 წლის ოქტომბერში, პირველი წელი გვქონდა და ჩვენი დატვირთულობის მაჩვენებელი იყო 45%, წელს დავისახეთ 60% და საბედნიეროდ, პირველი კვარტალი შესრულდა“, - განაცხადა პაპაშვილმა.

როგორც „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტებზე საუბრისას, პაპაშვილმა განაცხადა, ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ აბასთუმანი მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანონ. ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე გაწეულია.

„ქვეყანასთან ერთად უნდა განვავითაროთ აბასთუმანი, მაგრამ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამის პიარი და ვმუშაობთ ინდივიდუალურად. საკურორტო მიმართულება ნიშაა მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. თან ყველაზე ძვირიანი სეგმენტია. ეს არის სამედიცინო, გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ამ კუთხით განვავითაროთ აბასთუმანი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავძვირდეთ... კი, ეს იქნება ფანტასტიკური ქვეყნისთვის. ეს ყველაზე სუფთა და უმტკივნეულო შემოსავალი იქნება. როცა არ გჭირდება დაანგრიო, ან რაღაც ქიმიური კომბინატები აშენო. ქვეყანას ასე ინარჩუნებ, ბუნებასაც მეტად მოვუვლით. მთავარია, არ ავურიოთ ერთმანეთში ურბანული განვითარება, ინდუსტრია და სოფლის მეურნეობა,“ - განაცხადა პაპაშვილმა.

ინტერვიუს ბოლოს ლაშა პაპაშვილმა პირველი მილიონის შოვნაც გაიხსენა: 

„პირველი მილიონი 90-იანი წლების დასაწყისი ვიშოვე, მაშინ მოდაში იყო ქართული პროდუქტები საბჭოთა კავშირში და ვაწვდიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს; სასმელი, დაფნა, ციტრუსები, თხილი... სწორედ ასეთი გავაკეთეთ კახეთიდან, ნაფარეულის ქარხანა იყო მაშინ და გავაგზავნეთ რუსეთის მიმართულებით 4 თუ 5 სატვირთო ვაგონი. მერე იყო ბარტერული მოძრაობები, შემოგვქონდა ძვირად ღირებული ნედლეული და ვყიდდით დასავლეთში. ამ დროს მოვიდა პირველი მილიონიც და მერე მომიწია რამდენიმე წელი რუსეთზე მუშაობა“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.