დეველოპერებს ფინანსურს რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. პრობლემა განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამწვავდა. სწორედ ამ პერიოდში ბანკებმა საკუთარ პოლიტიკას გადახედეს და სრულად შეწყვიტეს ახალი სამშენებლო პროექტებისთვის კრედიტების გამოყოფა. რატომ იჩენენ სიფრთხილეს ბანკები და რატომ აღარ აკრედიტებენ სამშენებლო ბიზნესს? კითხვით ,,კომერსანტმა“ სამშენებლო კომპანია ,,რედკოს’’ აღმასრულებელ დირექტორ მალხაზ კუნელაურს მიმართა. ის ჩვენთან საუბარში რამდენიმე მიზეზს ასახელებს. თუმცა უმთავრესად ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ასახელებს.
,,ბანკებმა დეველოპერული პროექტებისა და ბიზნესის დაფინანსების პოლიტიკას გადახედეს და მეტ-ნაკლებად მოხდა ამ პოლიტიკის შეცვლა არა უფრო ლიბერალური, არამედ უფრო მკაცრი მიმართულებით. ბანკებმა უფრო მეტი ფილტრაცია ჩასვეს. ბოლო ერთი წელი უკვე აბსოლუტურად შეწყვიტეს დაკრედიტება. ამის მთავარი მიზეზი არის ქვეყანაში შექმნილი მოცემულობა. მათ შორის უცხოური ინვესტიციების შემცირების მიმართულებით და იმ ინვესტორების დაინტერესების შემცირებით, რომლებიც ამ ქვეყანას საინვესტიციო თვალსაზრისით განიხილავდნენ საინტერესოს, როგორც პერსპექტიულ, განვითარებულ ქვეყანას, სადაც ევროპული ტიპის ქონება იქმნებოდა, რომლის ღირებულებაც წლიდან წლამდე ძვირდებოდა. მყიდველისთვის და მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იყო, რადგან უძრავ ქონებაში ჩადებული თანხა იზრდებოდა კაპიტალის თვალსაზრისით. დღეს, როცა შეიქმნა ასეთი ბუნდოვანი გარემო, რა დროსაც უამრავმა ადამიანმა თავი შეიკავა როგორც ყიდვისგან, ასევე უძრავი ქონების ბიზნესის წარმოებისგან, ამას დაემატა ის რეგულაციები, რომლებიც კვლავ ძალაშია, ამას დაემატა გართულებული სამშენებლო ნებართვები, რომელიც კვლავ დგას დღის წესრიგშია, ამას დაემატა წელს შექმნილი პრობლემები და ამ ყველაფრის საპირწონედ რამე ტიპის წამახალისებელი ღონისძიებები მთავრობის მხრიდან არ გაკეთებულა. ქვეყანაში გაჩნდა საერთაშორისო სანქციების მაღალი რისკი და საფრთხე. როდესაც, ქვეყანაში შეიძლება ვიღაც დასანქცირდეს და აქტიურად მიდის ამ საკითხზე საუბარი, ამ დროს ეს სანქციები პირდაპირ პროპორციულად გავრცელდება მათ ბიზნესს პარტნიორებზე. ამიტომ ბანკები კიდევ უფრო მეტად ფრთხილობენ, რომ ახალი საკრედიტო ხაზები არ გახსნან და სწორიც არის. ბანკისთვის ახლა მთავარი ამოცანა არის უკვე დაკრედიტებული ხაზების სწორი მენეჯმენტი და იმ თანხების უკან დაბრუნება, რაც ბანკმა გასცა, რათა ის არ წავიდეს ზარალზე. საკრედიტო ხაზის გაცემა ახალი პროექტებისთვის ზუსტად ამ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე არ ხდება.’’- აცხადებს მალხაზ კუნელაური.
,,რედკოს’’ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს სახელმწიფოს უმოქმედობა, რომელიც სექტორში შექმნილ პრობლემებს სათანადოდ არ პასუხობს. მალხაზ კუნელაური მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშემწყობი და წამახალისებელი ტიპის ღონისძიებების გატარება.
,,მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბევრი უაზრო რეგულაციის გაუქმება, ბევრი ბიუროკრატიული ლაბირინთის ჩახსნა. მეტი გამჭვირვალობა, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, რომ გარისკოს და დაიწყოს თავისი კაპიტალით ბიზნესი. როდესაც ეს არ ხდება, არც ერთი მიმართულებით ასეთი ტიპის რისკებს განვითარებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და ბიზნესებიც ვერ უძლებენ. მით უმეტეს, საქართველოში ისედაც არ ვართ მყარად არც ეკონომიკურად და არც ბიზნესის თვალსაზრისით. უძრავი ქონების ბაზარი ისე არ მოკვდება, რომ რამდენიმე ბიზნესმა მაინც ვერ შეძლოს მოგების ნახვა, თუმცა ეს არ არის საინტერესო მასშტაბურად და ზოგადად საზოგადოებისთვის.’’- აცხადებს მალხაზ კუნელაური.
,,რედკოს’’ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გარეშე ბიზნესში წვრილი და საშუალო სუბიექტები ვეღარ დარჩებიან და ისინი მშენებლობებს შეწყვეტენ. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ბაზრის მონოპოლიზაცია მოხდება, რაც მიწოდების შემცირებას და ფასების ზრდას გამოიწვევს. შედეგად დაეცემა ხარისხი და საბოლოო ჯამში მომხმარებელი დაზარალდება.
,,ეს გამოიწვევს ბაზრის მონოპოლიზებას. ყველა ის ბიზნესი, რომელსაც არ აქვს არაფორმალური გავლენები ბიუროკრატიულ კაბინეტებში ისინი ალბათ ამ რისკებიდან გამომდინარე საკუთარი კაპიტალით არ გარისკავენ. უძრავი ქონების მშენებლობა იმიტომ არის საინტერესო სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, რომ მალე ამოიღებ თანხას. საუბარია პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე დაახლოებით 2 წელზე. მაქსიმუმ 3 წელზე, მაგრამ როდესაც წელიწად-ნახევარი შენ გარანტია არ გაქვს, რომ მშენებლობის ნებართვას მოგცემენ, შეიძლება საერთოდ აღარ გარისკო შენი თანხის ჩადება. ბანკი თანხას არ გაძლევს და ეს მონოპოლიზებას აკეთებს, ახალისებს არაკეთილსინდისიერ იმ ე.წ. ბიზნესებს, რომლებიც კონკურენტებისგან გამოთავისუფლებულ ბაზარზე საკუთარი ფულადი რესურსებით და საკუთარი გავლენებით ცდილობენ, რომ იმდენი რესურსი შექმნან, რა მოთხოვნაც არსებობს ბაზარზე და თვითონ შეძლონ სარგებლის მიღება. ასეთი გადათამაშება მოხდება საბოლოოდ ბაზრის. რაც ცუდია იმიტომ, რომ როდესაც არ არის კონკურენტული გარემო ნებისმიერ დარგში ხარისხი იკლებს, ფასები ძვირდება და მომხმარებელი რჩება დაზარალებული.’’- აცხადებს მალხაზ კუნელაური.