„გრინ ლაითის“ დამფუძნებელმა სერგი ბერიანიძემ კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას ავტომობილების სექტორში მიღებული რეგულაციების გავლენაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების განბაჟების გაძვირებამ ავტომობილების როგორც შეკვეთები, ისე გაყიდვები გაანახევრა. ამასთან, სერგი ბერიანიძე განმარტავს, რომ ბევრმა კომპანიამ საქმიანობას უკვე დაანება თავი.
“ავტომობილების გაყიდვები და შეკვეთები ფაქტობრივად გაგვინახევრდა. ძალიან ბევრმა დილერმა დაანება თავი საქმიანობას, რადგან არ ჰქონდათ იმხელა ბიუჯეტი, რომ ახალი წლოვანების ავტომობილები შეეძინათ.
ახლა ასევე გაჩნდა ტენდენცია, რომ ბევრმა კომპანიამ დაიწყო ჩინური ავტომობილების დარეკლამება, რომ ეს მანქანები უფრო მეტად იაფია. ალბათ ფიქრობენ, რომ არსებულ რეალობაში გამოსავალი ჩინურ ავტომობილებშია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან საკმაოდ დიდი უნდობლობაა ჩინური ავტომობილების მიმართ. ისინი ახალი მწარმოებლები არიან და ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება თუ დროში რამდენად გამძლეა, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩინურ მეორად ავტომობილებზე“. - განაცხადა სერგი ბერიანიძემ.