აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია SHPS Shelbit სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანია კრიპტობირჟა Shelbit Exchange-ს მართავს და ირანული წარმოშობის ბიზნესმენს, სიავაშ კაივანპურს ეკუთვნის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, IRGC-ის კუთვნილი კრიპტოვალუტის მისამართებიდან Shelbit Exchange-ის მისამართებზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გადაირიცხა. საპირისპირო მიმართულებით, Shelbit-ის მისამართებიდან IRGC-სთან დაკავშირებულ მისამართებზე გადარიცხვების მოცულობამ 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, კაივანპურთან დაკავშირებული მისამართებიდან კიდევ 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გადაირიცხა ირანულ კრიპტობირჟა Nobitex-ში, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. კაივანპური სანქციებში მოხვდა IRGC-ისა და Nobitex-ისთვის მატერიალური ან ფინანსური მხარდაჭერის გაწევის საფუძველზე. მის საკუთრებაში ან კონტროლქვეშ მყოფ კომპანიებს შორისაა საქართველოში რეგისტრირებული Shelbit, ასევე კომპანიები პოლონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სააგენტოს გამოძიება, რომლის მიხედვითაც Shelbit-მა 2024 წლის მაისიდან სულ მცირე 4 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები დაამუშავა და ირანთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლის ფართო ქსელის ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენდა. Reuters-მა ასევე დაადგინა, რომ Shelbit-ს ფინანსური კავშირები ჰქონდა ირანის ცენტრალურ ბანკთან და IRGC-სთან დაკავშირებულ კრიპტო მისამართებთან.
Shelbit-მა Reuters-ს განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში, სანქციების გვერდის ავლასა და ირანის სახელმწიფო სტრუქტურების სასარგებლოდ საქმიანობაში შეგნებულ მონაწილეობას. კომპანიის განცხადებით, ოპერაციები 2026 წლის იანვარში შეწყვიტა.
სანქციების შედეგად, Shelbit-ისა და სხვა დასანქცირებული პირების აშშ-ში არსებული ან ამერიკელი პირების კონტროლქვეშ მოქცეული ქონება და ქონებრივი ინტერესები იბლოკება. აშშ-ის პირებს მათთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება, შესაბამისი გამონაკლისის ან ლიცენზიის გარეშე, ეკრძალებათ.
წყაროები:
https://home.treasury.gov/news/press-releases/sb0598