არმატურის იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადები ბაზარს აზიანებს - ამის შესახებ BMG-სთან „კავკასუს როუდ პროჯექტის“ გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე აცხადებს.
მისი თქმით, არმატურის ფასწარმოქმნის პროცესი ჟურნალისტური მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.
„ჩაატარეთ გამოძიება - საერთოდ, რატომ არის ასეთი მდგომარეობა არმატურის ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა არმატურის მწარმოებელმა თავისი ლობირებით მიაღწია იმას, რომ იმპორტს რაღაც დაუწესდა, რაღაც ზედმეტი გადასახადი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ასეთი გადასახადი ხელს უშლის საბაზრო ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას”, - ამბობს ტრაპაიძე BMG-სთან.
მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არმატურის იმპორტზე გადასახადი დაწესდა, ფასებმა მკვეთრად მოიმატა.
“არმატურის ერთეულის ზუსტ ფასზე ინფორმაციას არ ვფლობ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შემსყიდველები გვყავს, მაგრამ მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, დიახ, გაძვირდა” - ამბობს ტრაპაიძე.
მისივე ცნობით, საქართველოს ბაზარი არმატურის კუთხით რამდენიმე ძირითად მომწოდებელზეა დამოკიდებული, მათ შორის ირანზე, თურქეთსა და რუსეთზე. ტრაპაიძის თქმით, გეოპოლიტიკური რყევები ფასზე პირდაპირ აისახება, თუმცა ბიზნესი ამ გამოწვევებს სწრაფად ეგუება.
“გვყავს რამდენიმე მომწოდებელი საქართველოში: თურქეთი, რუსეთი და ირანი. საბაზრო ეკონომიკაში ბიზნესი გამოწვევებს ყოველთვის ძალიან სწრაფად პასუხობს. ეს ბიზნესის უპირატესობაა. როგორც კი ირანიდან არმატურის შემოსვლა შემცირდება, გაიზრდება რუსეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან. თუმცა სრულებით შესაძლებელია, რომ ფასი კიდევ გაიზარდოს”, - განმარტავს პაატა ტრაპაიძე BMG-სთან.
საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ირაკლი კობახიძის 27 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება ძალაში.
უნდა აღინიშნოს, რომ არმატურის იმპორტის დაბეგვრა 2025 წლის 25 იანვრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იყო, თუმცა 27 აგვისტოს გამოიცა დადგენილება, რომელმაც ეს ვადა 2026 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. 27 თებერვლით დათარიღებული დადგენილებით კი ეს დრო მეორედ გახანგრძლივდა.