რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანებაში შესვლით საქართველოს ღვინის სექტორი ჩამოინგრევა. "აბა, შეხედეთ ღვინის სექტორს. EU-ში დღესვე რომ გავწევრიანდეთ, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა."- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენად რეალურია პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება. ჩვენ ამ საკითხზე ბიომეღვინეობა ''იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელს იაგო ბიტარიშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ქართული ღვინო უკვე 20 წელია ევროპის ბაზარზე გააქვს და მისი მარნის ძირითადი სავაჭრო სივრცე, სწორედ ევროპაა. მეღვინე ვკითხეთ, რამდენად რეალურია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება და ევროკავშირში სწრაფი გაერთიანება იქნება თუ არა დამაზიანებელი სექტორისთვის. იაგო ბიტარიშვილი გვპასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია რა არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთა აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილმა.
,,არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. რა არგუმენტი აქვს ამისი? რის საფუძველზე ამბობს ამას? პირადად ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთვის, განსაკუთრებით პატარა მარნებისთვის არც არასდროს ყოფილა ტრადიციული ბაზარი ჩვენი ძირითადი ბაზარი. ჩვენთვის მაინც ყოველთვის წამყვანი იყო ევროპის ბაზარი, დასავლეთის ბაზარი, აშშ-ის ბაზარი. ჩვენი ბაზარი, რაც დავიწყეთ საქმიანობა, მე პირადად 20 წელია ევროპის ბაზარია ჩემი ძირითადი ბაზარი. 2005 წლიდან დავიწყეთ და რამდენიმე ქვეყანაში ვყიდით ევროპაში. მარტო ჩემზე ხომ არ არის. ჩემი მეგობარი 120 მარანზეა საუბარი და ქვეყნის მომავალზეა საუბარი. როგორ შეიძლება ამ კონტექსტში განვიხილოთ? ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია.’’- აცხადებს მეღვინე.
მეღვინე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უზარმაზარ ახალ შესაძლებლობებს მისცემს. იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული გაერთიანება ყველა წევრს სექტორულ განვითარებაში ეხმარება, რათა ყველა სახელმწიფომ თანასწორი და სრულფასოვანი წევრობა შეძლოს. იაგო ბიტარიშვილს კონკრეტული ქვეყნების მაგალითებიც მოჰყავს, სადაც ევროკავშირის ხელშეწყობით მეღვინეობის სექტორი დიდი ნაბიჯებით განვითარდა.
,,მიწევს ბევრი სიარული ევროპაში. ძალიან კარგად ვხედავ განსაკუთრებით იმ ქვეყნების წინსვლას, რომლებიც განსაკუთრებით რამდენიმე წლის წინ გახდნენ ევროპის კავშირის წევრები. მახსოვს რა მდგომარეობაში იყვნენ იქაური მეღვინეები და აგრარული სექტორის წარმომადგენლები. ახლა ვხედავ, როგორი შესაძლებლობები აქვთ მათ. ძალიან დიდი ნაბიჯები გაიარეს. ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია ამაზე. მაგალითად, პოლონეთი, სადაც ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ სიარული და ცა და დედამიწასავით განსხვავდება მდგომარეობა იქ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირმა ამოქაჩა. გარდა ამისა, არიან სლოვენია, ხორვატია, ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირმა ძალიან დიდი დახმარება გაუწია ამ ქვეყნების აგრარულ სექტორს, რათა ისინი სრულფასოვანი წევრები გამხდარიყვნენ. დღეს ეს ქვეყნები სხვას ეხმარებიან ისეთ მდგომარეობაში არიან. გაიხსნება უზარმაზარი, უზარმაზარი ახალი შესაძლებლობები. არავის არ სჭირდება განუვითარებელი წევრი ევროკავშირში. გარდა იმისა, რომ შენ სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო და ა.შ. ეკონომიკურად და სოფლის მეურნეობის კუთხით უნდა განვითარდე და სრულფასოვანი წევრი გახდე. არავის არ უწერია იქ რომ თუ ევროკავშირის წევრი გახდები ღვინო აღარ უნდა გქონდეს იქ. ორ პროდუქტზეა კვოტები. ერთი ნიორია. ყველაზე კომფორტული ბაზარი ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარია.’’- აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.