არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული. წერილი რომ ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. რიყის დოქების ავტორის, იტალიური არქიტექტურული ჯგუფის Studia Fuksas-ის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც კომპანია წერს, რომ სტუდია არაერთხელ გამოსულა მთავრობასთან მუშაობის წინადადებით, თუმცა შეთავაზებები უპასუხოდ დარჩა.
კალაძის თქმით, შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და დემონტაჟის გადაწყვეტილებაც მან მიიღო.
„ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.
ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული.
თბილისის მერიამ გასცა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა, ხოლო კერძო მესაკუთრე რა სახის ბიზნესსაქმიანობას აწარმოებს, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის “, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „რიყის დოქების“ ავტორმა, იტალიურმა არქიტექტურულმა ჯგუფმა Studia Fuksas განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი „კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“.
„ბოლო თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოსულა საქართველოს მთავრობასთან მუშაობის წინადადებით ალტერნატიული გზების გამოსანახად, რომლებიც შეძლებენ ამ საკულტო შენობის შენარჩუნებას და ახალი ფუნქციის მონახვას, და იმის თავიდან არიდებას რაც გვჯერა რომ იქნება ნაადრევი და გამოუსწორებელი დემონტაჟი.
სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები უპასუხო დარჩა…
საერთაშორისოდ აღიარებული და ჯილდოების მქონე არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.