აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად იმატებს შეშფოთება ბიზნეს წრეებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შეფასება ,,კომერსანტმა’’ მეღვინეობა ''იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელს იაგო ბიტარიშვილს სთხოვა. მეღვინე ამბობს, რომ მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე დარჩენას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იაგო ბიტარიშვილის შეფასებით, ქვეყანას წინ მძიმე დღეები ელოდება და ამას მოსახლეობა მოკლე პერიოდში იგრძნობს. 

,,თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა და დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი და მძიმე სანქცია წამოვიდა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს ვერანაირად. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მალე დაგვეტყობა ეს ყველაფერი. ლარის კურსის გათვალისწინებით და სხვა გარემოებებით. მე არ ვიცი, საერთოდ ბიუჯეტის დეფიციტი რანაირად უნდა შეივსოს. განსაკუთრებით თუ არ იქნება დასავლეთის მხარდაჭერა. ეს ცოტა ხანიც, რომ გაგრძელდეს ძალიან დაგვეტყობა. დარწმუნებული ვარ, უქმდება უკვე ძალიან ბევრი მომავალი წლის ტურისტული ჯავშნები. დასავლეთში არც ერთი პოლიტიკოსი არ არის ჩემი პირადი მეგობარი. ეს კი არ მაწუხებს. მე მაწუხებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, როდესაც ვხედავ ასეთ დაპირისპირებაში. ჩვენ ეკონომიკურად ძალიან მძიმე დღეები გველის და როგორ გადავიტანთ ამას არ ვიცი. ეს პროტესტი რას ითვალისწინებს? რა მოთხოვნა აქვს? რომ დავბრუნდეთ იმ პოზიციაში, სადაც ვიყავით. რაც გვქონდა. რა პრობლემაა? რა საფრთხეს უქმნის დღეს საქართველოს ან ხელისუფლებას, რომ დავბრუნდეთ იქ სადაც ვიყავით. ხომ ვიყავით იქ არც თუ ისე დიდი ხნის წინ. რა პრობლემა იყო? ან სახელმწიფოს რა საფრთხეს უქმნიდა? ან ხელისუფლებას რა საფრთხეს უქმნიდა? არაფერს ხომ? ამიტომ არის ხალხი ასეთი გაბრაზებული.’’- აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველას ჰყავს პარტნიორი, თუმცა ვინ დარჩა საქართველოს მეგობრების წრეში ეს დღეს გაუგებარია. იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს, რომ დასავლეთთან მეგობრობისა და პარტნიორობის სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს. მისი თმით, ყველა სახელმწიფო დღეს ერთმანეთთან პარტნიორულ თანამშრომლობას ამყარებს და საქართველო იზოლირებულად სამყაროში ვერ იარსებებს.

 

,,მე აღარ ვარ პატარა და მახსოვს საბჭოთა კავშირში ცხოვრებაც, გარდამავალი ძალიან რთული პერიოდიც. რაღაც სინათლე გამოჩნდა ყველასთვის, მას მერე რაც დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. თუ დასავლეთს დავცილდებით სხვა რა ალტერნატივა გვექნება? ჩვენ ხომ გვინდა სამყაროს ნაწილი ვიყოთ? ჩვენ რანაირად დავრჩებით, ასე ვთქვათ ცალკე? გამორიცხული ამბავია. მით უმეტეს, თუ გადავხედავთ, ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყველა ქვეყანას თავისი პარტნიორი ჰყავს. ყველა ქვეყანას, დიდსაც და პატარასაც. ჩვენ მოვიმდურეთ სუყველა, სამწუხაროდ. ამ ბოლო წლების განმავლობაში ვინ არის ჩვენი პარტნიორი? მე უბრალოდ აღარ ვიცი. პატარა ქვეყნისათვის როგორ შეიძლება მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე არსებობა? წარმოუდგენელია. უზარმაზარი მხარდაჭერა გვქონდა აქამდე. გინდაც მორალური, გინდაც ფინანსური და პოლიტიკური. მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ქვეყნის მომავალს დასავლეთში ხედავენ.’’ აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.