მიხეილ ჭელიძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწის შესყიდვის ბარიერს არ უნდა აწყდებოდნენ. როგორც მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ოკუპაციის ფონზე ინვესტორისთვის ქვეყანაში შემოსვლა ისედაც რთულია და მას მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ.

"ჩემი აზრით, არ გადავდგით სწორი ნაბიჯი, როდესაც მიწების გასხვისება შევზღუდეთ უცხოელებზე. საქართველო აბრეშუმის გზაზე დგას, ყოველთვის იყო კორიდორი, როცა უცხოელი შემოდის და მიწას იყიდის, ზურგზე ვერ მოიკიდებს, მიწა აქ რჩება. შენ თუ კანონმდებლობა დაცული გაქვს და ვალდებულებას დაუწესებ, რომ იყიდე, მაგრამ რაღაც გააკეთე, თუ არადა ჩამოგართმევ, ის წამოვა ამაზე და ინვესტიციას ჩადებს. მაგრამ როცა ეუბნები, რომ საკუთრებას არ მისცემ და მფლობელი სხვა იქნება, შენ ფული ჩადეო, ასეა აფხაზეთში და იქ არავინ დებს ფულს. ამას მოსახლეობა ძალიან პატრიოტულად შეხვდა, რომ საქართველო საქართველოა, მაგრამ ეკონომიკური კუთხით ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა, ბევრი ინვესტორი დავკარგეთ.

ადამიანი როდესაც გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში, რომელსაც ორი ამხელა ტერიტორია ოკუპირებული აქვს, დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დგას ჯარი, მაინც ჩამოვიდეს და ფული ჩადოს, და შენ კიდე ხელს უშლი რაღაც კანონმდებლობით, ეს არ არის სწორი. პირიქით, ოღონდ ვიღაც ჩამოვიდეს და მიწა კი არა, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი რომ თითოეული დოლარი შემოიტანოს ქვეყანაში. ჩვენ მივეჩვიეთ ამ ოკუპაციას, მაგრამ ძალიან აფასებენ ამ თემას, რომ დედაქალაქიდან 35 კმ-ში მტრის ჯარი დგას, უყენიათ რაკეტა რომელიც 70კმ-ს რადიუსზე ისვრის - ეს ჩვენ მივეჩვიეთ, სხვები - არა. ამას რომ გადალახავს ადამიანი და კიდევ დამატებით ბარიერს რომ უქმნი, ამას ვგულისხმობ, რომ არ უნდა იყოს", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გავლენის შეფასებას ასოციაციის ხელმძღვანელი თავს არიდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში პრობლემურია: "სასამართლოს ნაწილშიც ვისურვებდი, რომ უკეთესი იყოს და არ იყოს ლაპარაკები, რომ ვიღაცა დაჩაგრეს".

კითხვაზე, რამდენად მისაღებია დასავლური ინვესტიციების აზიურით ჩანაცვლება, ჭელიძე აღნიშნავს, რომ ინვესტიციები აღმოსავლეთიდან კი არ ჩანაცვლდება, არამედ - შეივსება.

"ჩანაცვლება არა, უფრო შევსებას მოვიაზრებ. თუ აზიურ ბაზრებზე გადავერთვებით, და უნდა გადავერთოთ კიდეც, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც EU-სთან, ინდოეთთან და ჩინეთთან, სამივესთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობა, ეს ძალიან კარგია და გამარჯვებაა, თუ საქართველომ შეძლო და თავისი მცირე, მაგრამ ნიშური პროდუქტი გაიტანა ქვეყნის გარეთ, ეს ძალიან კარგია. თუ, მაგალითად, ანაკლიის პორტს გულისხმობთ, ჩინური კომპანიის შემოსვლას, ჩემი აზრით კარგია. მთავარია, როგორ დაიტვირთება პორტი, თუ ვინც უნდა გადაზიდოს ტვირთები, ის ქვეყანაა ჩართული მშენებლობაში, რა თქმა უნდა ჯობია, რომ ისიც იყოს ინვესტორი", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

bm.ge