აღსრულების ეროვნული ბიურო ,,აქსის გრუპის“ 50%-იან და „საირმე პალასის“ 100%-იან წილებს ასხვისებს.
საუბარია ამ კომპანიებში შპს „აქსისის“ ( ალექსანდრე მეჟევიძე/ გიორგი წირღვავა) კუთვნილ წილებზე.
,,აქსის გრუპში“ შპს „აქსისს“ 50% ეკუთვნის. დანარჩენი 50% კი ასე ნაწილდება: ალექსანდრე სამარგულიანი - 35%; შპს „აქსის კონსტრაქშენი“ – 5%; შპს ჭავჭავაძე 49დ; შპს უზნაძეს 70.
აუქციონზე გამოტანილი ,,აქსის გრუპის“ წილის საწყისი ფასი 15 210 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი 202 800 ლარს შეადგენს.
დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ არსებული შეფასებით ,,აქსის გრუპის“ 50%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 20.2 მლნ ლარია. კომპანიის საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობას და ასევე, არასაცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემას უკავშირდება.
აუქციონის დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ,,აქსის გრუპი“ ფლობს 10%-იან წილს ,,აქსისი მშენებელში", რომელიც სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს ახორციელებს. ასევე ფლობს არამატერიალურ აქტივებს, რომლებიც მოიცავს კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ლიცენზიებს და პროგრამულ პროდუქტებს. კომპანიას ბალანსზე, ძირითად საშუალებებში ერიცხება ქალაქ თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომლებიც წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართებს და მიწის ნაკვეთს, რაზედაც განთავსებულია მრავალფუნქციური, მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა და მიწა წარმოადგენს ამხანაგობის თანასაკუთრებას.
,,აქსის გრუპს“ ბალანსზე აღრიცხული აქვს ფართები მარაგების სახით, საიდანაც ნაწილი გამზადებულია გასაყიდად, ნაწილი - მოწოდებული ინფორმაციით გაყიდულია წინარე ხელშეკრულებით და ამ ეტაპზე არაა გადაფორმებული, შესაბამისად კვლავ რჩება კომპანიის საკუთრებაში.
,,აქსის გრუპის“ ბალანსით 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, კომპანიას ერიცხება 59,736,742 ლარის აქტივები და 40,655,246 ლარის ვალდებულებები.
რაც შეეხება შპს „საირმე პალასს“, მისი 100% -ი აუქციონზე 466 000 ლარად არის გამოტანილი და ამავე მოცულობით არის განსაზღვრული ვაჭრობის ბიჯიც.
,,საირმე პალასი“ ახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას, თუმცა არ აქვს მიმდინარე პროექტები. კომპანია ფლობს 30%-იან წილს შპს ,,კედიას 10“- ში, რომელიც დღეის მდგომარეობით, არ ფუნქციონირებს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით შპს ,,საირმე პალასი“-ს ბალანსზე ირიცხება 13 მლნ ლარის აქტივები და 4.3 მლნ-ის ვალდებულებები.
აუქციონები 30 სექტემბერს, 16:00 და 17:00 საათზე დასრულდება.