კომპანია „გოფერი“, რომელიც ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან უზრუნველყოფდა, მუშაობას დროებით წყვეტს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში წერს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველა მომხმარებელს, ვისაც გოფერის დახმარებით უკვე გამოწერილი აქვს ამანათი, დათქმულ დროში მიეწოდება.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ Gofer დროებით წყვეტს საქმიანობას.

გაუგებრობა რომ არ გამოვიწვიოთ, აქვე გეტყვით: ყველა მომხმარებელს, ვისაც გოფერის დახმარებით უკვე გამოწერილი აქვს ამანათი, დათქმულ დროში მოგაწვდით და არ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა.

ბოლო რეისი გამოიგზავნება  20 ივნისს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ოპერირების შეჩერების მიზეზებს, „გოფერი“ აცხადებს, რომ ამის მიზეზი გადამზიდავი კომპანია გახდა, რომელიც ბრენდის იმიჯს აზიანებდა.

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გადამზიდი კომპანიისგან უკვე არაერთხელ შეგვექმნა ისეთი პრობლემა, რაც ჩვენი, როგორც ბრენდის იმიჯს საგრძნობლად აზარალებდა.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით წარმოქმნილი პრობლემების გამოსწორებაზე, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

მადლობას გიხდით ყველა გოფერელს ჩვენთან თანამშრომლობისთვის,“ - ნათქვამია „გოფერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.