ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის შესაძლოა მორიგი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდეს. ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ ტვირთის მფლობელების ნაწილი შუა დერეფანს და საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის მონაწილე ქვეყანას უკვე იყენებს, როგორც ალტერნატიულ გზას.
“ჩვენს მაგალითზეც და არა მარტო ჩვენზე, ბაზრის კვლევას როცა ვაკეთებთ, ვხედავთ, რომ გარკვეული ტვირთები წამოვიდა კონფლიქტის გამო საქართველოსკენ. ეს ტვირთები შეიძლება იყოს უზბეკური, შეიძლება იყოს თურქმენული, რომელიც ადრე ირანიდან გადიოდა და მაგალითად მიდიოდა ჩინეთში.
ჩვენთვის ირანთან მუშაობა შეუძლებელი იყო ეს პერიოდი და ალბათ ეგრე გაგრძელდება სანქციების გამო, თუმცა უზბეკები და ჩინელები ახერხებდნენ ირანიდან მუშაობას. იყო გარკვეული ტვირთები, რომლებიც აზერბაიჯანშიც ირანიდან ჩადიოდა თავის დროზე, რომელიც სომხეთის კონფლიქტის გამო გაჩერდა და ჩვენთან გადმოვიდა სრულად. ამიტომ რაღაც ტვირთები აუცილებლად გადავიდა შუა დერეფანზე.
ახლა კიდევ ერთხელ გვექნება გამოცდა, რომ მივიღოთ ეს ტვირთები და სამომავლოდ იქნებ შევინარჩუნოთ, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ფასში. საბოლოო ჯამში ყველაფერი ფასს უტოლდება და კომპანიები ფასით იღებენ გადაწყვეტილებას.
არა მარტო ფასებია აქ მნიშვნელოვანი. როგორც კოვიდის დროს მოხდა - გადაზიდვების ჯაჭვი აირია, საზღვაო და კონტეინერები მიმოიფანტა და ამან საბოლოო ჯამში დეფიციტი გამოიწვია და ფასები გავარდა. მსგავსი ნიშნები ჩანს ახლა და ყველაზე ძალიან ამის გვეშინია, რომ ეს არ მოხდეს”,- აცხადებს BMG-სთან ინტერვიუში გივი ჩაჩანიძე, COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი.
მისი თქმით, საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისათვის ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით საპორტო ინფრასტრუქტურის.
“მორალურად მზად ვართ გაზრდილ ტვირთნაკადს მოვემსახუროთ, რადგან გვინდა ერთხელ და სამუდამოდ მსოფლიო რუკაზე დავფიქსირდეთ, რომ ჩვენ მართლა ვართ სატრანზიტო დერეფანი, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში გვჭირდება საძირკველი, რაც არის პორტი. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე აზრი არა აქვს არაფერზე ლაპარაკს. ერთი პერიოდი იყო პრობლემა რკინიგზა და როგორც ნახეთ გამოსწორდა. ახლა რჩება პორტი. თუ ჩვენ სატვირთოებით და რკინიგზით ტვირთს მივიღებთ, მერე ვერ გავუშვებთ, იმიტომ რომ არა გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი”,- აცხადებს გივი ჩაჩანიძე.