ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში ახალი სასტუმრო Step Inn გაიხსნა - ამის შესახებ „კომერსანტთან“ სასტუმროს დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სასტუმრო 5 სართულიანია და სხვადასხვა ტიპის 18 ნომერს მოიცავს, ამას გარდა სასტუმროს სივრცეში შევხვდებით 30 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, სპა ცენტრს, აუზითა და საუნით.
როგორც ალიბეგაშვილი აღნიშნავს, სასტუმრო 5-6 დღეა, რაც ფუნქციონირებს და უკვე მომხმარებლის დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
„5-6 დღეა, რაც სტუმრების მიღება დავიწყეთ, ჯერჯერობით მცირე მოცულობის სტუმრები გვყავდა, თუმცა მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან ზოგადად საქართველოში მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა მაღალია და თან ყაზბეგი მსგავსი ტიპის სასტუმროები ძალიან მცირეა, შესაბამისად ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო ვიქნებით.
მე step inn-მდე სასტუმრო სექტორში მუშაობს გამოცდილება მაქვს, ასევე ვთანამშრომლობ ტურისტულ კომპანიებთანაც, რომ პოზიციონირება უცხოელ დამსვენებლებზე მოვახდინოთ ისე, რომ ავუხსნათ, რა ქვეყანა ვართ და რა პოტენციალი გვაქვს, ჩვენ გვექნება კომუნიკაციაზე დამყარებული სერვისი.
ჩვენი სასტუმრო 18 ნომრიანია, გვაქვს სპა ცენტრი, აუზითა და საუნით, გარდა ამისა, გვაქვს რესტორანი ტერასით, საიდანაც მხოლოდ მთის ხედები იშლება და დამსვენებლები პეიზაჟებით დატკბებიან, ჩვენი ტერასიდან არ არის ხედი ყაზბეგში მდებარე არც ერთ ნაგებობაზე და სასტუმროზე.
რესტორანი არის ქეთი ბაქრაძის კერძებით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენი შეფმზარეულია, ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც არის ჩვენი სასტუმრო გამორჩეული“ - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციას, ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროს ინვესტიციამ 2 მილიონი ევრო შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან არის მოზიდული, მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობას 3 წელი დასჭირდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან რეგიონებში ლოგისტიკა ბევრად უფრო რთულია, სასტუმროს მშენებლობა საკმაოდ ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ვთვლით, რომ ყაზბეგის გარემოსთვის ავთენტურობა სრულიად შესაბამისია და დიზაინი მთასთან არის შერწყმული“- აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.
სასტუმრო step inn ამ ეტაპზე 20 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მომხმარებლის ზრდასთან ერთად სასტუმროს დამფუძნებელი პერსონალის 45 ადამიანამდე გაზრდას გეგმავს. ანი ალიბეგაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური კადრების მოძიება იყო, მისივე თქმით გამომდინარე იქიდან რომ ყაზბეგი პატარაა და მცხოვრებლების უმრავლესობა თვითონ აქირავებს სეზონზე საკუთარ სახლში ოთახებს, სასტუმროში ადგილობრივების დასაქმება ვერ მოხერხდა და პერსონალის დედაქალაქიდან ჩაყვანა მოუწიათ.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, განთავსების ღირებულება 2 ადამიანის შემთხვევაში 300 ლარიდან იწყება და დამსვენებელთა რაოდენობის ზრდის მიხედვით 600 ლარამდე მერყეობს. ფასი მოიცავს საუზმესაც.