მაიამიში მცხოვრები ბიზნესმენი, რომელიც ფულის გათეთრებისთვის იძებნება, ალბანეთში ივანკა ტრამპისა და ჯარედ კუშნერის მრავალმილიარდიანი კურორტის აშენებისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებაშიც არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „როიტერი“ ალბანეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიზნესმენი არტურ შეჰუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. საქმის მასალების მიხედვით, შეჰუ და მისი თანამოაზრეები ბრალდებულნი არიან სამხრეთ ამერიკული კოკაინის ევროპის პორტებში გადატანაში და, ამასთან, დოკუმენტების გაყალბებაში უძრავი ქონების იმპერიის შესაქმნელად.
გამოძიების მიხედვით, აპრილში შეჰუმ კურორტის ასაშენებლად ალბანეთის ხელუხლებელი სანაპირო ზოლი კომპანია Albania Land Development-ს მიჰყიდა, რომელიც დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დეველოპერებს, Sazan Real Estate Development-ს და სხვა ინვესტორებს ეკუთვნის.
ცნობისთვის, ალბანეთში გასულ თვეში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები გარემოს დაცვის მოთხოვნით თავდაპირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. პროტესტი თანდათან პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზარდა და ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა.