ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერლიგის 2025-26 წლების სეზონის ლაურეატები დაასახელა. გამარჯვებულები თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს გამოკითხვის შედეგად.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში. 31 წლის პორტუგალიელმა გაასწრო რაიან შერკის (მანჩესტერ სიტი), ერლინგ ჰალანდს (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ მაგალიაეშსა (არსენალი) და დავიდ რაიას (არსენალი).

გასულ სეზონში ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა „მანჩესტერ სიტის“ მცველი ნიკო ო’რაილი. 21 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „სიტისთან“ ერთად მან მოიგო ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი, რომლის ფინალშიც დუბლი შეასრულა.

ო’რაილიმ გამოკითხვისას გაუსწრო რაიან შერკის, მაქს დოუმენს (არსენალი), ელი ჟუნიორ კრუპის (ბორნმუთი), კობი მაინუსა (მანჩესტერ იუნაიტედი) და რიო ნგუმოას (ლივერპული).

გარდა ამისა, PFA-მ შეადგინა 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

მეკარე – დავიდ რაია (არსენალი);

მცველები – იურიენ ტიმბერი (არსენალი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ნიკო ო’რაილი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები – ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკან რაისი (არსენალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი);

ფორვარდები – ერინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), ანტუან სემენიო (ბორნმუთი/ მანჩესტერ სიტი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი).

წყარო: პირველი არხი