ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ იტალიური მოდის სახლთან ,,Gucci'' კონტრაქტი მარტში გააფორმა და მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დიდი ინტერესის საგანია კონტრაქტის დეტალები და ის პირობები, რასაც ქართველი დიზაინერი დათანხმდა.

ცნობიალია, რომ Gucci-თან გაფორმებული კონტრაქტით ქართველი დიზაინერი მიიღებს ახალ სახლს მილანში. გავრცელებული ინსაიდერული ინფორმაციით, დემნა გვასალიას ანაზღაურება 45 მილიონი ევრო იქნება. დიზაინერი ასევე მიიღებს ბრენდის ყველა ხაზზე სრულ შემოქმედებით კონტროლს. დღის წესრიგშია კითხვა - შეძლებს კი, ქართველი დიზაინერი Gucci-ს მფლობელი კომპანიის, Kering-ის გადარჩენას?

2021 წელს, Gucci-ს ყოველწლიური გაყიდვები 10 მილიარდ ევროს აჭარბებდა, 2022-2024 წლებში, ეკონომიკური კრიზისის და არასტაბილურობის პარალელურად, მოდის სახლის წლიური შემოსავალი 7.6 მილიარდ ევრომდე შემცირდა. ახლა Gucci იტალიის ყველაზე დიდი და შემოსავლიანი მოდის სახლია, მაგრამ თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კლება გაგრძელდა, “პრადა” ხდება რეალური კანდიდატი, გახდეს იტალიური მოდის ახალი ლიდერი, რაც Gucci-ს მფლობელ კომპანიაში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ Gucci ფრანგული კონგლომერატის Kering-ის მფლობელობაში არსებული უდიდესი ბრენდია.  კონგლომერატის შემოსავლის 50% სწორედ Gucci-ს ემყარება. იტალიური მოდის სახლის გაყიდვების კლებამ Kering-ის აქციებზე ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც საბოლოოდ, კონგლომერატის მფლობელის, ფრანგი მილიარდერის - ფრანსუა პინოს ქონების შემცირებაც მოჰყვა. Forbes-ის ინფორმაციით, ამჟამად ფრანსუა პინოს ქონება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. გასულ 20 წელში ის პირველად მსოფლიოს 100 უმდიდრესი ადამიანის სიაში აღარ არის.