თაფლის ექსპორტი 64%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 215.26 ათასი დოლარის ღირებულების 23.79 ტონა ნატურალური თაფლი გაიტანა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 66.63 ტონა თაფლი გავიდა.

მეფუტკრეების ინფორმაციით, ექსპორტში კლება, წარმოების შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, აკაციის ყვავილობისას გადაუღებელ წვიმებს.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ თვითღირებულების გათვალისწინებით და ასევე მცირე მოსავლის გათვალისწინებითაც, ქართველი მეფუტკრეებისთვის აზიისა და ამერიკის ბაზარი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან აქ ქართული თაფლის ფასი უფრო მაღალია. სიტუაციას ამარტივებს ისიც, რომ აზიელებისთვის მუქი შეფერილობის თაფლი ბევრად უფრო მიმზიდველია.

„2024 წელს 2023 წელთან შედარებით თაფლის ექსპორტი შემცირდა.

საექსპორტო ქვეყნებს შორის ჭარბობს აზიური ქვეყნები და ასევე ამერიკა; ყველაზე ნაკლები თაფლი წელს ევროკავშირში გავიდა. ევროკავშირს ჩვენთან ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა აკაციის თაფლზე, სამწუხაროდ ამ წლებში ვერ მივიღეთ აკაციის თაფლი. ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, აკაციის ყვავილობას წვიმები დაემთხვა. შესაბამისად, ამ თაფლის მიმართ რა ინტერესიც ჰქონდათ, ვერ უზრუნველვყავით.

წელს ჩვენი თაფლის შეფერილობა გამოირჩევა მუქი შეფერილობით, რითაც უფრო მეტად აზიური ქვეყნებია დაინტერესებული. ევროპელებს უფრო მოსწონთ ღია ფერის თაფლი. ასევე ძირითადი პრობლემა, რამაც ექსპორტი შეამცირა იყო თაფლის თვითღირებულების ფასები.

ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ინდოეთმა, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი რაოდენობით თაფლი მოიწვიეს. იქ თვითღირებულება და ტექნოლოგიები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ქართველი მეფუტკრეების შემთხვევაში. ანუ, იმან გამოიწვია, რომ ჩვენთან თაფლის დამზადებას უფრო მაღალი თვითღირებულება აქვს, შესაბამისად ევროკავშირში გატანა და დაბალი ფასი არ გვაწყობდა“, - ამბობს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა.

პაპავას თქმით, იმისათვის, რათა ქართული თაფლი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, აუცილებელია წარმოების მასშტაბების გაზრდა.

,,საქართველოს მეფუტკრეობის 99% არის მცირე საოჯახო ტიპის მეფუტკრეობის პროდუქტი. აუცილებელია საფუტკრეების გაფართოება. აუცილებელია, ფოთლოვანი მცენარეების რაოდენობის გაზრდა, რათა ჩვენი თაფლის თვითღირებულება დავწიოთ.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, აქ საუბარი იყო სკების მშენებლობაზე. ასევე, მეორე ეტაპი იყო პირველადი წარმოების ინვენტარის ჩანაცვლება და განახლება. სამწუხაროდ, ქართველ მეფუტკრეებში მასობრივად ისევ ძველი, საბჭოთა ინვენტარი გამოიყენება“,- ამბობს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.

პაპავას თქმით, მთავარი ფაქტორი, რითაც ქართული თაფლი უცხოურ პროდუქციას კონკურენციას უწევს მისი ხარისხი და უნიკალური შემადგენლობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაბინძურების პროცენტი მინიმუმამდე დავიდეს.

,,რაც შეეხება სტანდარტებს და ხარისხს, თუ რამე არ შეურია მეფუტკრემ, თაფლი სუფთა იქნება და ნატურალური. აქ არავითარი პრობლემა არ არის. მთავარი საფრთხე მოდის დანაგვიანების კუთხით, რაც გასულ წლებში აშკარა იყო. 2018-2019 წლებში მაგალითად თაფლის დანაგვიანება 56% იყო. დღეს ეს მაჩვენებელი 2%-მდე არის დავარდნილი, ქართული თაფლი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა. ჩვენ ამით კონკურენციას ვუწევთ ევროპის წამყვან ქვეყნებსაც კი.

თუნდაც იტალია, რომ აიღო, იქ დანაგვიანების პროცენტი უფრო მაღალი აქვთ ვიდრე საქართველოში.

ჩვენი პრობლემა არის რაოდენობა, ჩვენ რაოდენობრივად ვერ ვუწევთ კონკურენციას, ამიტომ ხარისხით უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები. აუცილებელია, თაფლის კვლევები, ჩვენ უნდა გავიაროთ ის გზა, რაც ახალმა ზელანდიამ გაიარა ,,მანუკას თაფლზე’’.

ჩვენი თაფლი არაფრით არ ჩამორჩება ზელანდიურ თაფლს, თავისი სამკურნალო თვისებებითა და აქტიური შემცვლელი ნივთიერებებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კვლევის შედეგი დაიდოს იმაზე თუ რას შეიცავს ქართული თაფლი“,- ამბობს ალეკო პაპავა.

ქართული თაფლის ძირითადი მწარმოებლები მოყვარული მეფუტკრეები არიან, შესაბამისად, მოყვარულ დონეზე პროფესიონალური კვლევების ჩატარება რთულია. მეფუტკრეები ირწმუნებიან, რომ თუ ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს პოტენციალი თაფლი მთელი წლის განმავლობაში აწარმოოს.

ქრისტინა კვაჭანტირაძე