2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით 22 ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იგეგმება, რაც ოთახების რაოდენობას გაზრდის 2,865-ით (+5,3%), ხოლო საწოლების რაოდენობას 5,550-ით (+4,3%), - ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).
2024 წლის მარტის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში სასტუმროების ოთახების რაოდენობა 53,759-ს შეადგენს, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა - 128,015-ს.
„2024 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 180 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ამავე პერიოდში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 278 ლარი იყო (-3%), 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - 574 ლარი (+12%). ხოლო საოჯახო სასტუმროების საშუალო ფასმა 113 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.