ადგილობრივ ბაზარზე იმ რაოდენობის ნედლი რძე არ არის, რომ ნაყინის კომპანიებმა პროდუქცია აწარმოონ, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" დირექტორმა გელა გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია დაარსების დღიდან, 2014 წლიდან - ნაყინს რძის ფხვნილისგან ამზადებს.
"ნედლეული ევროპიდან შემოდის, მათ შორის, ბელგიიდან და ბელორუსიიდან. რძის ფხვნილით წარმოება ტექნოლოგიურად უფრო სტაბილურია. ხარისხი არ იცვლება, მეტად დაცულები ვართ, დამუშავებულია და წარმოება უფრო გვიმარტივდება. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე არ არის რძის იმდენი წარმოება, რომ ნედლ რძეზე გადავიდეთ. საკმარისი მოცულობის ნედლი რძე რომ იწარმოებოდეს ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამ ეტაპზე, მომწოდებელს შესაძლოა 1 დღე ჰქონდეს რძის საკმარისი მოცულობა და 3 დღე აღარ - შესაბამისად, ეს წარმოებას გაგვირთულებს. რა თქმა უნდა, გვიფიქრია ნაყინის ნედლი რძით წარმოებაზე, მაგრამ სტაბილური მომწოდებელი, რომ არსებობდეს შესაძლებელი იქნებოდა", - აცხადებს გელა გელაშვილი.
ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, 3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ კი, სააგენტომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.