პარლამენტში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ’’ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. კანონპროექტის თანახმად, უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების არსებული შეღავათი. კანონის მიღების შემდეგ სემეკ-ს მიეცემა უფლებამოსილება დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები. კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილების მიზანია განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა.
კანონის მიღების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მცირე მწარმოებლებმა ელექტროენერგიის გენერაციას ბიზნეს საქმიანობის სახე მისცეს. არსებული შეღავათების პირობებში ისინი გენერირებას და დაგროვებული ენერგიის ქსელში გაშვებას ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე ახერხებდნენ, რამაც რამდენიმე გამოწვევა წარმოშვა. მათ შორის არის ქსელის გადატვირთულობა და დისკრიმინაციული მიდგომა. ,,კომერსანტი“ საკითხზე განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა. მაია მელიქიძეს იმ გამოწვევების შესახებ ვკითხეთ, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გახდა საჭირო.
,,ნეტო აღრიცხვამ მიიღო ბიზნესის სახე. ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლებელი იყო 500 კილოვატამდე. დღესაც შესაძლებელია თბილისის ფარგლებში. რაიონებში უკვე აღარ. დამკვიდრდა ასეთი პრაქტიკა, რომ ზოგიერთმა პირმა (იურიდიულმა თუ ფიზიკურმა) დაანაწევრა 500-500 კილოვატებად. დაიწყო ელექტროენერგიის გენერაცია და მისი ქსელში გაშვება. ანუ მისცა წარმოების სახე ისე, რომ არანაირი გადასახადის გადახდის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა. ის ჩვეულებრივად იქცა ელექტროენერგიის გამყიდველად. ჩამოყალიბდა ასეთი ტიპის საქმიანობა, რაც არის ელექტროენერგიის გენერაცია 500 კილოვატამდე არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, არამედ ხდება მისი გაყიდვა და ქსელში გაცემა და ამისთვის ზედმეტად გენერირებული ელექტროენერგიის ყიდვა განახორციელა გამანაწილებელმა კომპანიამ, მაგრამ ვინც აგენერირა მან არანაირი სახის გადასახადი არ გადაიხადა. ამას ხომ ეკონომიკური ხასიათი არ ჰქონდა, ამიტომ ის არანაირ ფინანსურ კომპონენტს არ იყენებდა. ზედმეტი რაც რჩებოდა იმას უშვებდა ქსელში, მაგრამ ძალიან ბევრის წარმოება დაიწყეს. ბევრის წარმოებამ და ქსელში გაცემამ გამოიწვია საუბარი იმაზე, რომ ეს არის დისკრიმინაცია სხვა ბიზნესებთან მიმართებაში. ამიტომ უნდა შემოვიტანოთ ფინანსური კომპონენტი. კანონპროექტის მიხედვით ნეტო აღრიცხვა ჩანაცვლდება ნეტო დარიცხვით. რა იქნება ნეტ ბილინგი ამაზე უკვე იმუშავებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, როგორც მეორედ კანონმდებლობაზე. ახლა სემეკი ნეტო დარიცხვას ვერ ქმნიდა, იმიტომ რომ კანონი არ აძლევდა მას ამის უფლებას.’’- განმარტავს მაია მელიქიძე.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ქსელში ცვალებადი ენერგიის გაშვებამ მისი ტექნიკურად გამართული მუშაობის პრობლემა წარმოშვა. მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ზედმეტი ენერგიის შემგროვებლის ფუნქცია ქსელმა აიღო, თუმცა მიწოდებული ენერგიის ცვალებადობის გამო ის არსებულ დატვირთვას ვეღარ უძლებს.
,,პირველ ეტაპზე დადგა ქსელის, ტექნიკური გამოწვევა. ქსელმა ამხელა დატვირთვა ვეღარ აიტანა, რადგან ეს არის ცვალებადი ენერგია. დამაგროვებლის ფუნქცია აიღო ქსელმა. ქსელი კი ვალდებულია, რომ ჩვენ ელექტროენერგია მოგვაწოდოს მდგრადად, საიმედოდ და უწყვეტად. მაგრამ, როდესაც ცვალებადი ენერგია შედის ქსელში, მას უკვე უჭირს დაბალანსება. ვეღარ აუდის ამხელა დატვირთვას.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კანონპროექტი პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ის 500 კილოვატის გენერირების სრულად გაუქმებას არ ემხრობა. მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მზის პანელების გამოყენებით საკუთარი მოხმარებისთვის ენერგიის გენერირება სურთ, ეს შესაძლებლობა უნდა დარჩეთ.
,,500 კილოვატის მთლიანად განულებას არ ვემხრობი. მისი დაყვანა კარგი იქნება ვთქვათ, 30 კილოვატამდე. რაიონებში, რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სახლი და მზად არიან მზის პანელები დაამონტაჟონ არა ელექტროენერგიის გასაყიდად არამედ, საკუთარი მოხმარებისთვის. ამ ადამიანებს არ უნდა შეეშალოთ ხელი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი სახლი და აქვთ სურვილი, რომ ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა რატომაც არა. ეს ბოლომდე არ უნდა ჩავკეტოთ და არ უნდა გავანულოთ. დავიყვანოთ 30 კილოვატამდე. როგორც ევროპაშია. მოქალაქეებს ნუ წავართმევთ ამის შესაძლებლობას.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.