გაუქმებულია სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით არსებობდა - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ 7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის შესახებ შეიტყო.
მოგვიანებით, სუს-მა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.