საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 18,749-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 79.2 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა თანაბარი - 0.7%-იანი - თვიური ზრდა დააფიქსირეს.
წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48.0%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.