2025 წლის ოთხ (იანვარ-აპრილი) თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული აეროპორტებით ჯამში 2 189 558 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 442 458 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13% შეადგინა.

პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 506 564 მგზავრს მოემსახურა, რაც 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 233 725 მგზავრი, რაც 44%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტებში ათი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა, რაც 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენები რაოდენობას. ჯამურად, განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 7744 ავიარეისი, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 2338.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, იანვარ-აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 61%-ით გაიზარდა.