თითქმის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს კულტურის სამინისტრო 26 მაისს გასამართი კონცერტის სადადგმო ნაწილში. ამ მომსახურებას სამინისტრო უკვეთს კომპანია "არტ ლაბორატორიას", რომლის ერთადერთი მფლობელი და დირექტორია ბაკურ ბაკურაძე. იგი იყო 2021 წელს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კონცერტის რეჟისორი.
"სატენდერო პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინებით და ასევე, ვინაიდან ღონისძიების მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, შეუძლებელია 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება ფაქტიურ ვადაში", - ასე დაასაბუთა კულტურის სამინისტრომ ამ ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენის საჭიროება.
სამინისტრო 26 მაისის კონცერტში სულ 891 191 ლარის დახარჯვას აპირებს, რომლის დიდი ნაწილი - 499 456 ლარი - "არტ ლაბორატორიის" მომსახურების საფასურია (კონცერტის სადადგმო ნაწილი); 377 735 ლარს შპს "ლუმას" გადაუხდიან, სცენის მოსაწყობად საჭირო მომსახურებისთვის; 14 ათას ლარს მიიღებს ორგანიზაცია "სპორტი ყველასათვის", სპორტული ღონისძიებების დასაგეგმად.
2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს, თბილისში მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", ხალხმრავალი აქცია გამართა. გაიმართა კონცერტიც, რომლის რეჟისორიც ბაკურ ბაკურაძე იყო. ის ჩართული იყო ასევე 2018 წელს ახლა უკვე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის კონცერტის ორგანიზებაშიც.
გარდა ამისა, ბაკურ ბაკურაძის ორგანიზაციამ, შპს "არტ ლაბორატორიამ", 2023 წლის მარტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთით 283 ათასი ლარის ღირებულების კონცერტი გამართა. სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეის“ დაკვეთით ბაკურიანში, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში კი, გახსნა-დახურვის საზეიმო ღონისძიებები ბაკურაძის კომპანიამ 346 ათას ლარად ჩაატარა.