ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას მისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტები უნდა მიაწოდონ, განსაკუთრებით ისეთები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც მალე იწურება.
„ივლისი და აგვისტო უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე მეტი მსხვერპლით გამორჩეული თვეები იყო. რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ახდენს, რათა უკრაინელებს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და გატეხოს. უკრაინელები მტკიცედ დგანან და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. მთავარი საკითხი კი საჰაერო თავდაცვაა. მათ არ ჰყოფნით ჩამჭრელი რაკეტები. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს ჩამჭრელი რაკეტები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მალე იწურება, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი ამ რაკეტებს უკრაინას გადასცემენ, რათა უკრაინამ მათი გამოყენება საკუთარი მოსახლეობის დასაცავად შეძლოს“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ირლანდიაში, სადაც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.