ყველაზე აბსურდული ბრალდებაა, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშიმ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი რეალობა არის სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საქმეებში უპრეცედენტო ჩარევის შედეგი.

„ყველაზე აბსურდული ბრალდება არის ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია. როგორ შეიძლება, მთავრობა, რომელიც არ შეეგუა საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას, მოითხოვს რუსების გაყვანას და იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, პრორუსული იყოს. დღევანდელი სიტუაცია არის ქართული რეალობის უგულებელყოფისა და სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საქმეებში უპრეცედენტო ჩარევის შედეგი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული მთავრობის პოზიციის ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის მხრიდან უსამართლო ზეწოლის საპასუხოდ.

რუსეთთან მიმართებით საქართველოს რთული რეალობის გაგების ნაცვლად, კავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი, მიუხედავად იმისა, როგორ იმოქმედებს ეს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე. საქართველო რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობების საძიებლად, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსულ არმიას შეუძლია, თბილისში სამ დღეში იყოს. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი წლების განმავლობაში კეთილგანწყობით თანამშრომლობდა რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაციის მიუხედავად. ამიტომ გამოვდივარ ჩვენი მიდგომის შეცვლისა და საქართველოსთან სამართლიანი, პარტნიორული დიალოგის განახლების მოწოდებით, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშიმ.

პირველი არხი