საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და, მიმაჩნია, კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, ემხრობიან უფრო მეტ სანქციას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა.
მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება, „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“
„ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს და ხედავდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად გადაუხვია დემოკრატიისგან, რომ ისინი არღვევდნენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოებდნენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და, მე მიმაჩნია, კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, ემხრობიან უფრო მეტ სანქციას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებდეს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
რაც შეეხება კითხვას, – „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?“ – მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს.
„ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის. საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია“, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და, ზოგადად, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნეს დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
1tv.ge