„ხორცის მოხმარება კაცზე დაახლოებით 50 კგ.-ია წელიწადში - 1.2 მლრდ ლარი გვინდა, მოსახლეობა მთლიანად რომ დაკმაყოფილდეს,“ - ამის შესახებ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს.

ინფლაციის პარალელურად, არჩვაძე ცდილობს ახნას, რამდენად არის ქვეყნის შიდა ბაზარი დაცული გარე ფაქტორებისგან, რათა მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში, შევძლოთ ჩვენი შიდა მოხმარების მოთხოვნის ისე დაკმაყოფილება, რომ მოსახლეობა არ დავაზარალოთ.

"იგივე პრობლემა დგას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც. იგივე შეიძლება ითქვას ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, აქაც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე მოვიტანე ინფორმაცია, მოსახლეობა მთლიანად რომ დაკმაყოფილდეს ხორცისა და ხორცპროდუქტების რაციონალური მოხმარების ფარგლებში, ახლანდელი ფასების პირობებში დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი გვინდა წელიწადში. საუბარია მხოლოდ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე.

ახლა ჩვენი მოხმარება 1 კაცზე წელიწადში დაახლოებით არის 50 კგ და რაციონალური მოხმარება, რომელსაც გვთავაზობენ, რათა ნორმალურად იყოს დაბალანსებული კვების პროდუქტები, 65 კილოგრამი მაინც უნდა იყოს. ადრე საერთოდ 72 კილოგრამს განსაზღვრავდნენ, მაგრამ ახლა 65-მდე ჩამოსწიეს და ჩვენც ეს ავიღოთ, ძალიან კრიტიკული ნუ ვიქნებით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის შემოსავლებიც უნდა იყოს სათანადო, ამის ყიდვა რომ შეძლოს, მხოლოდ მიწოდება არ არის საკმარისი. მეორე მხარეს არის გადახდისუნარიანი მოთხოვნა და ფულად ფორმაში რომ გამოვსახოთ, ანუ მონეტარული ფორმა მივცეთ ამას, გვჭირდება ფულადი შემოსავლების გაზრდა, სულ ცოტა, 15%-ით. ეს მხოლოდ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე და წარმოიდგინეთ, როდესაც მთლიან სამომხმარებლო კალათაზე ვისაუბრებთ, იქ გაცილებით მეტ შემოსავალზე გვექნება ლაპარაკი," - ამბობს სტატისტიკოსი და იქვე ამატებს, რომ რეალურად არის ორი პრობლემა - ერთი ის, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, და მეორე, ჩვენი მოსახლეობის ამჟამინდელი გადახდისუნარიანი მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ რაციონალური სამომხმარებლო ნორმის ფარგლებში უზრუნველვყოთ მოთხოვნების დაკმაყოფილება.